რატომ გამოიყენა რუსეთმა ახლა „ორეშნიკი“, რით განსხვავდება ის სხვა რაკეტებისგან და რა არის მის შესახებ ცნობილი? - „როიტერი“
რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, 9 იანვარს უკრაინაზე რუსეთმა „ორეშნიკის“ ტიპის რაკეტით საჰაერო იერიში განახორციელა.
Reuters-მა განმარტა, თუ რა ტიპის რაკეტაა „ორეშნიკი“ და რატომ მიიჩნევა მისი გამოყენება ესკალაციად.
რა არის „ორეშნიკი“?
„ორეშნიკი“ საშუალო რადიუსის ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტაა. რუსეთმა ის პირველად უკრაინის წინააღმდეგ 2024 წლის ნოემბერში გამოიყენა.
უკრაინული წყაროების ცნობით, გაშვება სატესტო იყო.
რუსეთის განცხადებით, სამიზნე იყო უკრაინაში „კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა“, თუმცა არ დაუკონკრეტებია განადგურების მასშტაბები.
პუტინი „ორეშკინს“ „შეუკავებელს“ უწოდებს, თუმცა დასავლეთი მას ექსპერიმენტულად მიიჩნევს.
რით განსხვავდება „ორეშნიკი“ სხვა რაკეტებისგან?
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ „ორეშნიკის“ მთავარი მახასიათებელია მისი შესაძლებლობა, ატაროს მრავალი ქობინი, რომლებსაც ერთდროულად შეუძლიათ სხვადასხვა სამიზნეზე თავდასხმა.
ეს ტექნოლოგია, როგორც წესი, უფრო დიდი რადიუსის მქონე კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებში გვხვდება.
რუსული შეიარაღების ბევრი სისტემის მსგავსად, „ორეშნიკი“ შეუძლია როგორც ჩვეულებრივი, ასევე ბირთვული ქობინების ტარება, თუმცა ამჟამინდელი თავდასხმის დროს ბირთვული კომპონენტის ნიშნები არ დაფიქსირებულა.
უკრაინული მხარის ცნობით, 2024 წლის გაშვების დროს რაკეტამ სამიზნეს სამხრეთ რუსეთში აფრენიდან დაახლოებით 15 წუთში მიაღწია.
ახლა რატომ გამოიყენა რუსეთმა „ორეშნიკი“?
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რაკეტის გაშვება იყო პასუხი გასული წლის ბოლოს ნოვგოროდის რეგიონში პუტინის ერთ-ერთ რეზიდენციაზე უკრაინის დრონით განხორციელებულ სავარაუდო თავდასხმაზე.
უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ თავდასხმის მცდელობა არ ყოფილა.
„როიტერის“ ცნობით, ბოლო დარტყმა დასავლეთ უკრაინაში, ლვოვის რეგიონში, ნატოს წევრი სახელმწიფოს, პოლონეთის საზღვართან ახლოს განხორციელდა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ორეშნიკის“ რაკეტის გამოყენებას „გლობალური საფრთხე“ უწოდა, რომელიც გლობალურ რეაგირებას მოითხოვს.
„ესკალაცია მაშინ ხდება, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობს დაარწმუნოს რუსეთი და უკრაინა სამშვიდობო შეთანხმებამდე მივიდნენ“, - წერს მედიასაშუალება.