რატომ არ ჩადიან კიევში ტრამპის წარმომადგენლები? - უკრაინული მედია მიზეზებს განმარტავს და აღნიშნავს, რომ ვაშინგტონი ირანზე არის გადართული
„აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში ვიზიტს არ ჩქარობენ, რადგან ვაშინგტონში არ სჯერათ სამშვიდობო მოლაპარაკებებში პროგრესის შესაძლებლობის“, - ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Kyiv Independent-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადრე საჯაროდ გამოთქვა იმედგაცრუება იმის გამო, რომ ტრამპის წარმომადგენლები არაერთხელ იმყოფებოდნენ მოსკოვში, მაგრამ არასდროს ჩასულან კიევში.
წყაროს ცნობით, კიევში ვიზიტი არა მხოლოდ კეთილი ნების დემონსტრირებას ისახავდა მიზნად, არამედ მშვიდობის შესახებ დიალოგის განახლებისთვის იმპულსის მიცემას, რომელიც ირანში ომის ფონზე ფაქტობრივად ჩიხში შევიდა.
წყაროები ამბობენ, რომ თავდაპირველი გეგმა უიტკოფისა და კუშნერის კიევში გამგზავრებას, პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრას და შემდეგ მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების დასაწყებად გამგზავრებას ითვალისწინებდა. თუმცა, ორივე წარმომადგენელი კვლავ ღრმად არის ჩართული აშშ-ირანის მოლაპარაკებებში, უკრაინის ომი კი დღის წესრიგში არ არის.
გარდა ამისა, წყაროები ამბობენ, რომ უიტკოფს მატარებლით მგზავრობა „უჭირს“ და ამჟამად კიევში თვითმფრინავით ჩასვლის შესაძლებლობა არ არსებობს.
„უფრო ღრმა პრობლემა კი მოლაპარაკებებში პროგრესის არარსებობასა და იმ რისკშია, რომ ვიზიტი ამ ჩიხს გამოავლენს“, - წერს მედიასაშუალება.
სამმხრივი მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი 16 თებერვალს გაიმართა, ხოლო თებერვლის ბოლოს დაგეგმილი შემდგომი შეხვედრა ირანზე აშშ-ისრაელის იერიშის დაწყებამდე გადაიდო.