რადოსლავ სიკორსკი: სამწუხაროდ, ჩვენი პოპულისტური ოპოზიცია უარს ამბობს, აღიაროს საკონსტიტუციო ტრიბუნალზე კონტროლის დაკარგვა, დემოკრატიულად არჩეული მთავრობა კონსტიტუციის დაცვას გააგრძელებს
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ დაიცვა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობის წინ პოლიციის ქმედებები და განაცხადა, რომ მათი მიზანი იყო, კანონიერად არჩეული მოსამართლეებისთვის საშუალება მიეცათ, გაეგრძელებინათ ინსტიტუციის მუშაობა. ამის შესახებ სიკორსკიმ ჟურნალისტებს ატლანტაში, „დიდი ოცეულის“ მინისტერიალის ფარგლებში განუცხადა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „საკონსტიტუციო ტრიბუნალი წინა მთავრობის დროს პოლიტიზებული იყო“.
„მიმდინარე მოვლენები მიმართულია იქითკენ, რომ სათანადოდ არჩეულ მოსამართლეთა უმრავლესობას საშუალება მიეცეს, განაახლოს ტრიბუნალის მუშაობა“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
მოგვიანებით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში სიკორსკიმ განაცხადა, რომ ტრიბუნალის თავმჯდომარემ „არაერთხელ დაარღვია კანონი პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეების პირადად მის მიერ შერჩეული მოსამართლეებისთვის გადაცემით“.
„სასამართლომ ვერ შეძლო საკუთარი ბიუჯეტის მიღება“, - დასძინა სიკორსკიმ.
მისი თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში პარლამენტმა სათანადოდ აირჩია მოსამართლეთა ახალი უმრავლესობა, რომლებმაც თავიანთი მოვალეობების შესრულების შესაძლებლობა მოითხოვეს. თუმცა ტრიბუნალის პრეზიდენტი მათი ქმედებების დაბლოკვას აგრძელებდა.
„ახალი უმრავლესობის ყველაზე დიდი სტაჟის მქონე მოსამართლემ ტრიბუნალის შენობაზე კონტროლი აიღო და დაცვისთვის პოლიციას მიმართა. სამწუხაროდ, ჩვენი პოპულისტური ოპოზიცია უარს ამბობს, აღიაროს ტრიბუნალზე კონტროლის დაკარგვა. დემოკრატიულად არჩეული მთავრობა კონსტიტუციის დაცვას გააგრძელებს “, - ხაზგასმით აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.