რადოსლავ სიკორსკი: ევროპას სრულად ეკუთვნის ადგილი რუსეთ-უკრაინის ომის მოლაპარაკებების მაგიდასთან
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ევროპა ახლა უკრაინისთვის დახმარების მთავარი მიმწოდებელია, რომელმაც შეერთებული შტატები ჩაანაცვლა და შესაბამისად, მას ყველა უფლება აქვს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს.
სიკორსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებში აშშ-ის ლიდერის როლი ბუნებრივი იქნებოდა იმ პირობებში, როდესაც სწორედ აშშ იყო უკრაინის დახმარების მთავარი დონორი, თუმცა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ევროპული დახმარების წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
„ახლა ჩვენ ვიხდით ამ ომის ფასს. ამერიკის მიერ ამ ომზე დახარჯული თანხა ბოლო ერთი წლის განმავლობაში თითქმის ნულის ტოლი იყო. ჩვენ ვყიდულობთ ამერიკულ იარაღს, რომელიც უკრაინას მიეწოდება. აშშ-ის კონგრესში არ არსებობს არცერთი დახმარების პაკეტი და არც მისი გაჩენის პერსპექტივა. ხოლო თუ ჩვენ ვიხდით, თუ ეს ჩვენი უსაფრთხოების საკითხიცაა და არამხოლოდ უკრაინის, მაშინ ჩვენ ვიმსახურებთ ადგილს მოლაპარაკებების მაგიდასთან“, - განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.
თავის გამოსვლაში მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ომის იმპერიულ-კოლონიურ ხასიათზე, რომელიც პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო, და აღნიშნა, რომ ეს ომი არის გაგრძელება იმ ყველაფრისა, რაც წინა საუკუნეებში ხდებოდა.
მან გაიხსენა ცარისტულ რუსეთში უკრაინულენოვანი წიგნების აკრძალვა, ჰოლოდომორი და საბჭოთა პერიოდში ინტელიგენციის განადგურება.
„პუტინი ამბობს, რომ მას მშვიდობა სურს, იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობითაც ყველა დიქტატორსა და დამპყრობელს სურს მშვიდობა. თუ დანებდებით, კაპიტულაციას გამოაცხადებთ, მაშინ იქნება მშვიდობა. მაგრამ რა პირობებით? რუსეთს შეუძლია უკრაინულობის მოთმენა, როგორც „პროვინციული რუსული ფოლკლორის“ ერთ-ერთი სახეობის. მაგრამ რუსეთი, ან, სულ მცირე, პუტინი, ვერ შეეგუება უკრაინის არსებობას, როგორც ერისა, რომელსაც საკუთარი იდენტობა, ისტორია და უსაფრთხოების ინტერესები აქვს.
ახლა ამ ომში მთავარი კითხვა არის: ვინ გატყდება პირველი? უკრაინელები აჩვენებენ, რომ ფრონტზე ისინი არ გატყდებიან. რუსეთის წინსვლა უმნიშვნელოა. ისტორია გვასწავლის, რომ მოსახლეობის დაბომბვა აქ არ მუშაობს… ამიტომ, რეალური კითხვა არის შემდეგი: როდის ამოეწურება პუტინს რესურსი ამ ომის საწარმოებლად და როდის გატყდება რუსეთის ეკონომიკა?“ - აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.