Loading data...
პუტინმა უკრაინაში ომის სწრაფი დასრულების „ძირითადი პირობები“ დაასახელა

რუსეთი აცხადებს მზადყოფნას, განიხილოს უკრაინისთვის სამშვიდობო პირობები. რუსული მხარის თქმით, თუ ძირითად საკითხებზე შეთანხმება მოხდება, დიპლომატიური გადაწყვეტის სწრაფად პოვნაა შესაძლებელი, - ამის შესახებ რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა და რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა Fox News განუცხადა.

ვლადიმერ პუტინის სპეციალურმა წარმომადგენელმა, რომელიც შეერთებულ შტატებს სტუმრობს, ინტერვიუში უკრაინაში სიტუაციის მოგვარების ძირითადი ელემენტები ჩამოთვალა.

მისი თქმით, გამოსავალი სწრაფად შესაძლებელია, თუ რამდენიმე საკითხზე შეთანხმება მოხდება, მათ შორის:

  • უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, რომელთა მიმართაც რუსეთი ღიაა
  • ტერიტორიული საკითხი რუსულენოვანი მოსახლეობის მქონე რაიონებში
  • უკრაინის ნეიტრალური სტატუსი, „აუცილებელია რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებისთვის“

„მე ძირითადად ორიენტირებული ვარ ეკონომიკაზე, ინვესტიციებსა და შეერთებულ შტატებთან ზოგად ურთიერთობებზე, ასევე, დიალოგის გაგრძელებაზე. თუმცა, ვფიქრობ, რომ არსებობს რამდენიმე ძირითადი ელემენტი. ერთ-ერთი მათგანია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები. და რუსეთმა თქვა, რომ დიახ, რუსეთი ღიაა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისთვის“, - აღნიშნა მან.

შემდეგ მან განაცხადა, რომ იქ, სადაც რუსული მოსახლეობა ცხოვრობდა, ნამდვილად არსებობდა ტერიტორიული საკითხი - მოსახლეობა, რომელიც, როგორც დმიტრიევმა აღნიშნა, „სავარაუდოდ, კონფლიქტის დაწყებამდეც კი უკრაინული ძალების თავდასხმის ქვეშ იმყოფებოდა“.

„ასევე, არსებობს უკრაინის ნეიტრალიტეტის საკითხი, რაც მნიშვნელოვანია რუსეთის უსაფრთხოებისთვის. ასე რომ, განსახილველი საკითხები არც ისე ბევრია. სინამდვილეში, თუ გვესმის, თუ როგორ შეიძლება მათი დიპლომატიური გზით მოგვარება, გამოსავლის პოვნა საკმაოდ მალე იქნება შესაძლებელი“, - დასძინა მან.