Loading data...
პუტინმა სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნები ჩაატარა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნები ჩაატარა. მანევრების ფარგლებში პლესეცკის კოსმოდრომიდან გაშვებული იყო საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა „იარსი“, ხოლო ბარენცის ზღვაში მდებარე წყალქვეშა ნავიდან „ბრიანკი“ - ბალისტიკური რაკეტა, „სინევა“ გაუშვეს. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.

წვრთნებში, რომლებსაც პუტინი ვიდეო კავშირით აკვირდებოდა, შორი მოქმედების ბომბდამშენები „ტუ-95“-იც მონაწილეობდა. მათ ფრთოსანი რაკეტების გაშვება განახორციელეს.

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, შემოწმებული იყო „სამხედრო მართვის ორგანოების მომზადების დონე და ოპერატიული შემადგენლობის დაქვემდებარებაში მყოფი ძალების მართვის პრაქტიკული უნარ-ჩვევები“.