Loading data...
პუტინმა რუსეთიდან 1 მლნ რუბლზე მეტის გატანა აკრძალა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთიდან 1 მლნ რუბლზე (10 ათასი ევროზე) მეტი ნაღდი ფულის გატანა აკრძალა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

განკარგულების მიხედვით, 1 მლნ რუბლზე მეტის გატანა იკრძალება ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შემავალ ქვეყნებში, რომელშიც შედის ბელარუსი, ყაზახეთი, სომხეთი და ყირგიზეთი. ანალოგიური წესი მოქმედებს აზერბაიჯანთან, უზბეკეთთან და ტაჯიკეთთან დაკავშირებით. სხვა ქვეყნებისთვის კიდევ უფრო ნაკლები ნაღდი ფულის, 10 ათას აშშ დოლარზე მეტის, გატანის ლიმიტი არსებობს.

რაც შეეხება იურიდიულ პირებსა და ინდმეწარმეებს, მათ ამ ქვეყნებში ნაღდი ფულის გატანა საერთოდ ეკრძალებათ. 1 მლნ რუბლზე მეტის გატანა მხოლოდ რამდენიმე საერთაშორისო აეროპორტის გავლით და შესაბამისი საბანკო დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშია დაშვებული. აკრძალვის წესის დარღვევის შემთხვევაში ნაღდი ფულის ჩამორთმევა მოხდება.

რუსეთში უკვე მოქმედებს ძვირფასი ლითონების გატანაზე შეზღუდვა. 1 მაისიდან ქვეყნიდან 100 გრამზე მეტი ოქროს გატანაა აკრძალული.