Loading data...
„პუტინმა არასწორად გათვალა“ - მერცი რუსეთის ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ პასუხს ამზადებს

გერმანია ამზადებს ყოვლისმომცველ გეგმას რუსეთის მიერ ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნების წინააღმდეგ დაწყებულ ჰიბრიდულ ომთან დასაპირისპირებლად. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.

მერცმა ბუნდესტაგში რუსეთის ჰიბრიდულ ომთან ბრძოლის გეგმა გამოაცხადა.

მისი თქმით, ახალი ეროვნული უშიშროების საბჭო ასეთ სამოქმედო გეგმას რამდენიმე დღეში დაგეგმილ საინაუგურაციო სხდომაზე განიხილავს.

გერმანიის კანცლერმა ასევე დაადანაშაულა რუსეთი გერმანიისა და ევროპის დესტაბილიზაციის მცდელობაში დივერსიის, ჯაშუშობის, მკვლელობების, კიბერშეტევებისა და მიზანმიმართული დეზინფორმაციის გზით.

„მათ შორის თქვენი რიგებიდანაც“, - აღნიშნა მერცმა მემარჯვენე პოპულისტური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საპარლამენტო ჯგუფზე მინიშნებით.

მან ასევე განაცხადა, რომ კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა ჰიბრიდული ომის დაწყებით „არასწორი გათვლები“ გააკეთა.

„პუტინმა არასწორად გათვალა. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ დაგვაშინონ. ჩვენ თავს დავიცავთ ამისგან“, - ციტირებს Tagesschau მერცის სიტყვებს.