Loading data...
პუტინის თანაშემწე აცხადებს, რომ აშშ-ის გეგმის საპასუხოდ შემუშავებული ევროპული სამშვიდობო გეგმა „სრულიად არაკონსტრუქციულია“

კრემლი ინფორმირებულია უკრაინისთვის ევროპული სამშვიდობო გეგმის არსებობის შესახებ, თუმცა მისი დებულებების ზედაპირული გადახედვა ცხადყოფს, რომ ისინი არ არის კონსტრუქციული. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განუცხადა.

ამგვარად უშაკოვი გამოეხმაურა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის შემუშავებული 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის საპასუხოდ ევროპელი ლიდერების მიერ შემუშავებულ სამშვიდობო წინადადებას.

„რაც შეეხება გავრცელებულ გეგმებს, დღეს დილით შევიტყვეთ ევროპული გეგმის შესახებ, რომელიც, ერთი შეხედვით, სრულიად არაკონსტრუქციულია და ჩვენთვის შესაფერისი არ არის“, - განუცხადა უშაკოვმა ჟურნალისტებს.

პუტინის თანაშემწე ასევე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებას, რომ შაბათ-კვირას ჟენევაში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებები ვაშინგტონისთვის დამაკმაყოფილებელი იყო. 

„მაგრამ მან ასევე თქვა, რომ არის 28 პუნქტი და არის 26 პუნქტი. ბევრი რამ არის, პლუს ბევრი სხვადასხვა ვარაუდი და გაურკვეველია, ვის უნდა დავუჯეროთ, მაგრამ ჩვენ გვჯერა იმის, რაც ვნახეთ, რაც შესაბამისი არხებით გადმოგვცეს“, - დასძინა უშაკოვმა.