„პუტინი შიშისგან კანკალებს“ - ირანთან ტრამპის ომმა კრემლს მნიშვნელოვანი სიგნალი გაუგზავნა - The Telegraph
„ირანზე აშშ-ის ამჟამინდელი თავდასხმის შედეგის მიუხედავად, მან უკვე მიაღწია სტრატეგიულ შედეგს - რეჟიმს თავი მოჰკვეთეს, ფსიქოლოგიური შედეგები კი მთელ მსოფლიოში იგრძნობა - განსაკუთრებით რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინისთვის, - ამის შესახებ წერს The Telegraph-ის მიმომხილველი ჰამიშ დე ბრეტონ-გორდონი, ბრიტანეთის რეგულარული არმიის ყოფილი ოფიცერი.
ის აღნიშნავს, რომ ირანში ომმა აშკარა დაამტკიცა - ამერიკისა და მოკავშირეების საჰაერო ძალის ხარისხობრივი უპირატესობა რუსულ სისტემებთან შედარებით.
ჩნდება კითხვა, აქვს თუ არა ირანზე მიმდინარე დარტყმებს ერთზე მეტი მიზანი.
„შესაძლოა, ვაშინგტონის აზროვნებაში გარკვეული თანმიმდევრობა იყოს: ვენესუელა, შემდეგ ირანი და ბოლოს კრემლი… ძალის დემონსტრირების ფსიქოლოგიური ეფექტი ხშირად უფრო ძლიერი აღმოჩნდება, ვიდრე თავად ძალა“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი.
როგორც მედია წერს, რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებებს აჭიანურებს და მისი სტრატეგიული მიზნები უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ არ შეცვლილა. თუმცა, ბრეტონ-გორდონის თქმით, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, შესაძლოა, ის შეაშინოს.
აშშ-ის ქმედებებს პირდაპირი გავლენა აქვს უკრაინაში მიმდინარე ომზეც. ირანი დიდი ხანია აწვდის რუსეთს კრიტიკულად მნიშვნელოვან აღჭურვილობას, განსაკუთრებით დრონებსა და საბრძოლო მასალას. თუ ეს მიწოდების ხაზი შეწყდება ან განადგურდება, მოსკოვის სამხედრო ძალისხმევა დაზარალდება.