პუტინი: როგორ დაიწყო ყველაფერი უკრაინაში? ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობით - ლოგიკური იქნებოდა სომხეთის მოქალაქეებისთვის კითხვა, როგორი იქნებოდა მათი არჩევანი
რაც შეეხება სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების გეგმებს, ეს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ განხილვას მოითხოვს. ჩვენ ეს საკითხი პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან არაერთხელ განვიხილეთ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„თქვენ გესმით, რომ ამჟამად ჩვენ განვიცდით ყველაფერს, რაც უკრაინის მიმართულებით ხდება. და როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებით, ან გაწევრიანების მცდელობით. ეს მხოლოდ პირველი ეტაპი იყო... შემდეგ ეს ყველაფერი მივიდა სახელმწიფო გადატრიალებამდე, ყირიმის საქმემდე, სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის პოზიციამდე და საბრძოლო მოქმედებებამდე. აი, სადამდე მივიდა ეს ყველაფერი“, - აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, სომხეთმა არ უნდა გადადოს გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირში გაწევრიანება სურს, თუ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრობა.
„ჩემი აზრით, სწორი იქნება, რომ სომხეთის მოქალაქეებმა და ჩვენ, როგორც მათმა მთავარმა ეკონომიკურმა პარტნიორმა, რაც შეიძლება მალე გადავწყვიტოთ ეს საკითხი. მაგალითად, რეფერენდუმის ჩატარებით. ეს ჩვენი საქმე არ არის, მაგრამ სრულიად ლოგიკური იქნებოდა სომხეთის მოქალაქეებისთვის იმის კითხვა, როგორი იქნებოდა მათი არჩევანი“, - აღნიშნა პუტინმა.