პუტინი მოქალაქეებს: მიიღეთ გააზრებული და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება - ვერავინ შეძლებს რუსეთის გახლეჩას და დასუსტებას
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საპარლამენტო არჩევნების დაწყების წინ მოქალაქეებს განცხადებით მიმართა.
კრემლის ლიდერმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ხმის მიცემისას გააზრებული და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება მიიღონ.
„თქვენი არჩევანი და ნება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენი მებრძოლების უკან მილიონობით ადამიანი დგას. ჩვენ ვართ ერთიანი ხალხი, რომელსაც საერთო ღირებულებები, ისტორიული მეხსიერება და სამშობლოს სიყვარული აერთიანებს. ვერავინ შეძლებს ჩვენს დაყოფასა და დაშინებას, ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური სისტემის შერყევას“, — განაცხადა პუტინმა ვიდეომიმართვისას.
პუტინმა აღნიშნა, რომ ამჯერად არჩევნები „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ პირობებში ჩატარდება, ხოლო „ახალი რეგიონების“ მოსახლეობა რუსეთთან შეერთების შემდეგ პირველად აირჩევს დეპუტატებს.
„ასეთი მასშტაბური კამპანია „სპეციალური სამხედრო ოპერაციის პირობებში ჩატარდება“, - ხაზგასმით აღნიშნა პუტინმა და დასძინა, რომ დონბასისა და „ნოვოროსიის“ მაცხოვრებლები რუსეთთან გაერთიანების შემდეგ პირველად მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში.
„არჩევნები რუსეთში 18-დან 20 სექტემბრამდე გაიმართება. რუსეთის მოქალაქეები 20700 დეპუტატს აირჩევენ. ელექტრონული ხმის მიცემა ასევე 33 რეგიონში იქნება შესაძლებელი“, - წერს რუსული მედია.