Loading data...
პუტინი ჩინეთში ტრამპსა და სი ძინპინს შეხვდა და მათ ხელი ჩამოართვა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის სტუმრებისთვის გამართულ საზეიმო მიღებაზე აშშ-ის ლიდერ დონალდ ტრამპსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინს შეხვდა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

ქვეყნების ლიდერებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და მოკლედ ისაუბრეს.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი შენჯენში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში ერთმანეთს რამდენჯერმე გაესაუბრებიან.

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის ოფიციალური შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინთან ერთად 19 ნოემბერს შენჯენში გაიმართება. რუსეთის, აშშ-ის და ჩინეთის ლიდერების სამმხრივი სამიტი სასტუმრო კომპლექს Kylin Villa-ში ჩატარდება. მოლაპარაკებების დაწყება ადგილობრივი დროით 14:30 საათზე არის დაგეგმილი.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში ვლადიმერ პუტინთან ორმხრივი შეხვედრის გამართვა სურს.