პუტინი აცხადებს, რომ ირანს, ისრაელსა და აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მოგვარების საკუთარი ხედვა წარუდგინა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მან ირანს, ისრაელსა და შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მოგვარების საკუთარი ხედვა წარუდგინა და ეს იდეები განიხილება.
„ჩვენ გვაქვს რამდენიმე წინადადება ჩვენი მონაწილეობით. მინდა, ამაზე გავამახვილო ყურადღება, ჩვენ არანაირად არ ვეძებთ შუამავლობას, ჩვენ უბრალოდ ვთავაზობთ იდეებს. თუ ისინი ამ ქვეყნებს მიმზიდველად მოეჩვენებათ, ეს მხოლოდ გაგვიხარდება. მაგრამ ვიმეორებ: ჩვენ კონტაქტზე ვართ ისრაელთან, როგორც იცით, არც ისე დიდი ხნის წინ ვესაუბრე პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს, ირანის პრეზიდენტს, აშშ-ის პრეზიდენტს, რომლებიც, რა თქმა უნდა, უშუალოდ არიან ჩართულნი ყველა ამ პროცესში, მე მათ წარვუდგინე ჩემი ხედვა სიტუაციის მოგვარების მიმართულებით შესაძლო წინსვლის შესახებ“, - განაცხადა პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე.
„ვნახოთ, ჩვენი წინადადებები უკვე განიხილება, თითქმის ყოველდღიურად გვაქვს კონტაქტი ჩვენს ირანელ მეგობრებთან. ვნახოთ. ძალიან მინდა, რომ ეს, ჩვენი იდეების ჩათვლით, განხორციელდეს“, - ხაზგასმით აღნიშნა პუტინმა.