Loading data...
პროფესორი ჯონ მირშაიმერი: უკრაინა განწირულია - დასავლურ ელიტას თავში ჭკუა რომ ჰქონდეს, ან მათ უკრაინა რომ ადარდებდეთ, ამ ომს დიდი ხნის წინ შეაჩერებდნენ, მაგიერ ამისა ომს აგრძელებენ და უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ტირანად იყენებენ

გადაცემაში „თბილისის დროით“ გადაცემის წამყვანმა - ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა და სტუმარმა პოლიტოლოგმა, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორმა, რეალიზმის ახალი თეორიის ავტორმა ჯონ მირშაიმერმა უკრაინისთვის მიმართ ევროპის მხარდაჭერის, მათ შორის ფინანსურის, ასევე გაყინული რუსული აქტივების თემაზე იმსჯელეს.

იან პრაუდის შეფასებით, უკრაინისადმი ევროპის უჩვეულო მხარდაჭერა პრობლემატურია, რადგან ევროპას არ გააჩნია საკმარისი ფინანსები.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ „ხვალ რომ სულ მშვიდობა დამყარდეს, რაც ნაკლებად სავარაუდოა, ეს ფინანსური გამოწვევები არსად გაქრება“.

„რუსებმა ალბათ უკვე ხელი ჩაიქნიეს - უახლოეს მომავალში მაინც - საკუთარი გაყინული აქტივების დაბრუნებაზე, მაგრამ რა გზავნილია ეს დანარჩენი მსოფლიოსთვის, Euroclear-ის მაგალითს ვგულისხმობ. ევროპაში 4 ტრილიონია ინვესტირებული, რა გზავნილია ეს დანარჩენი მსოფლიოსთვის მათი კუთვნილი, ევროპაში ინვესტირებული ფულის ბედის თაობაზე?“ - მიმართა მან სტუმარს.

პასუხად ჯონ მირშაიმერმა აღნიშნა, რომ ეს მეტად უარყოფითი გზავნილია და ევროპელები ამ ფულს იპარავენ.

„ეს რუსეთის ფულია. Euroclear-ის ანგარიშებზე გაყინული რუსული აქტივები ანგარიშზე უნდა დარჩეს. ევროპულმა სახელმწიფოებმა ის უკრაინის დაფინანსების მიზნით არ უნდა გამოიყენონ. ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფო ამიერიდან დაფიქრდება, თუ რამდენად ღირს Euroclear-ში საკუთარი ფინანსების შენახვა, ზოგადად ევროპაში თანხების შენახვა. ეს პრეცედენტი მრავლისმთქმელია, ეს დიდი პრობლემა და გიგანტური სამართლებრივი გამოწვევა იქნება. სწორედ ამიტომ აქვთ რიგ სახელმწიფოებს, პირველ რიგში კი ბელგიელებს კითხვები ამ გეგმასთან დაკავშირებით. ისინი ეწინააღმდეგებიან ამ სქემაში მონაწილეობას, რადგან მათ კარგად ესმით, რომ ეს უკანონო ქმედებაა. ბელგიისთვის უარყოფითი შედეგები კი საკმაოდ დიდი შეიძლება გამოდგეს.

მეორე ნაწილი ჩემი პასუხისა კი გახლავთ ის, რომ საბოლოო ჯამში მნიშვნელობა არ აქვს, მისცემენ თუ არა ევროპელები უკრაინას ფულს. უკრაინას აქვს ორი პრობლემა - ცოცხალი ძალისა და საცეცხლე მასალის. ეს გამოფიტვის ომია, ასეთ ომში კი გადამწყვეტი ჯარისკაცების რაოდენობა და ცეცხლის ძალის ბალანსია - ვსაუბრობ არტილერიაზე, სამხედრო დრონებზე, ჭკვიან ბომბებზე. ყველა თანხმდება, რომ უკრაინას ცოცხალი ძალის პრობლემა აქვს და ეს მხოლოდ და მხოლოდ უარესდება, იმავე მოცემულობაა საცეცხლე ბალანსის მხრივაც. რუსებს დიდი უპირატესობა აქვთ, სწორედ ამიტომ იგებს ომს რუსეთი, უკრაინა კი ნელ-ნელა სისხლისგან იცლება. რუსული აქტივების მოპარვა და მათი უკრაინისთვის გადაცემა რამდენად არის კავშირში უკრაინელი ჯარისკაცების ნაკლებობასთან? - არავითარ კავშირში ეს არ არის, რაც შეეხება საცეცხლე ძალის ბალანსს. აქტივები ამ თვალსაზრისით ცოტათი თუ გააუმჯობესებს უკრაინის მდგომარეობას.

საბოლოო ჯამში, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაუარესდება უკრაინული არმიის მდგომარეობა. დასავლური ელიტა ილუზიებშია, მათი აზრით სწორედ ამ გზით შეძლებენ ვითარების შემოტრიალებას, ბრძოლის ველზე ბალანსის შებრუნებას და უკრაინაში კი ყველა სამუდამოდ ბედნიერი იქნება. ეს ილუზიებია, აქედან არაფერი გამოვა! უკრაინა განწირულია, უკვე დაახლოებით ერთი წელიწადია, თუ მეტი არა რაც უკრაინის ბედი გადაწყვეტილია! დასავლურ ელიტას თავში ჭკუა რომ ჰქონდეს, ან მათ უკრაინა რომ ადარდებდეთ, ამ ომს დიდი ხნის წინ შეაჩერებდნენ, მაგიერ ამისა ომს აგრძელებენ და უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ტირანად იყენებენ. ეს კატასტროფაა უკრაინისთვის და კატასტროფა იქნება დასავლეთისთვისაც, რადგან ისინი ამ ომს წააგებენ“, - აღნიშნა ჯონ მირშაიმერმა.