პორტუგალიაში პოლიციამ დემონსტრანტების ბანაკი დაშალა
პორტუგალიის პოლიციამ ლისაბონის ცენტრში დემონსტრანტების ბანაკი დაშალა, რომელიც პროტესტის ნიშნად იყო მოწყობილი. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალება იტყობინება, ლისაბონის ცენტრში 50-ზე მეტი კარავი იყო გაშლილი. ბანაკების დაშლამდე კი, პოლიციამ სამჯერ გააფრთხილა მომიტინგეები.
ინფორმაციისთვის, პორტუგალიაში მოქალაქეები საცხოვრებლის გაძვირებასა და ცხოვრების ხარჯების ზრდას აპროტესტებენ.
პორტუგალია საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის ერთ-ერთ მწვავე კრიზისს ებრძვის. 2017 წლის შემდეგ უძრავი ქონების ფასები ქვეყანაში გაორმაგდა, ხოლო ახალი საიჯარო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ქირა თითქმის ორჯერ გაიზარდა.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, მთავრობამ უარი თქვას კანონპროექტზე, რომელიც გამოსახლების პროცედურების გამარტივებასა და ახალი საიჯარო ხელშეკრულებებისთვის ქირის ზედა ზღვრის გაუქმებას ითვალისწინებს.