პოლონური მედია: პოლონეთის პრეზიდენტი ევროპის საბჭოს თავს ესხმის - მას საკვანძო თანამდებობის გაუქმება სურს
პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში ლექციაზე ევროკავშირის მომავლის პროგრამა წარადგინა, რომელშიც ბლოკის ცენტრალიზაციის პროცესს ეწინააღმდეგება. მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობის გაუქმება მოითხოვა და ასევე ევროკავშირის საბჭოში ხმის მიცემის სისტემის ცვლილებების აუცილებლობაზე მიუთითა.
ნავროცკიმ განაცხადა, რომ ცენტრალიზაციის პროცესი „ორი უდიდესი ქვეყნის გარდა“ წევრ სახელმწიფოებს სუვერენიტეტს წაართმევს და დემოკრატიულ სისტემებს შეასუსტებს. პოლონეთის სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ევროკავშირის დონეზე წევრი სახელმწიფოების ხმის მიცემის შესაძლებლობა მათ „ხელშეკრულებების ბატონ-პატრონების“ როლს წაართმევს.
მან ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთს აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი ხედვა კავშირთან დაკავშირებით. ნავროცკის მიაჩნია, რომ ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას, მათ შორის ყველაზე პატარასაც, უნდა ჰყავდეს საკუთარი დანიშნული კომისარი ევროკავშირის უმაღლეს ადმინისტრაციულ ორგანოში. მანვე დაამატა, რომ უნდა აიკრძალოს ევროკავშირის უმაღლეს თანამდებობებზე პირების დანიშვნა მშობლიური ქვეყნის მთავრობის რეკომენდაციის გარეშე.
„პოლონეთი გთავაზობთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობის გაუქმებას. საბჭოს პრეზიდენტი, როგორც ადრე, უნდა იყოს თავისი ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი ან კანცლერი, რაც ნიშნავს პოლიტიკოსს დემოკრატიული მანდატით და საკუთარი პოლიტიკური ბაზით და არა ბიუროკრატიულ თანამდებობის პირს, რომელიც დამოკიდებულია ევროკავშირის დიდი ძალების მხარდაჭერაზე“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
როგორც მან აღნიშნა, იგივე ეხება ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს, რომელსაც ხელმძღვანელობს „დიდ ძალებზე დამოკიდებული თანამდებობის პირი და არა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც დემოკრატიული მანდატი აქვს“.
პრეზიდენტს ასევე სურს, ცვლილებები შეიტანოს ევროკავშირის საბჭოში ხმის მიცემის სისტემაში, რათა შეიზღუდოს უდიდესი ქვეყნების უპირატესობა. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკომისიის რეგულაციის (DSA) უარყოფას. პოლონური პოლიტიკური კულტურისთვის უცხოა ნებისმიერი ცენზურის იდეა“, - განაცხადა მან.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს პოლონეთის ევროკავშირში წევრობას, მაგრამ დასძინა, რომ პოლიტიკური წყობის, მართლმსაჯულებისა და უსაფრთხოების საკითხები „ექსკლუზიურად დაცულია პოლონეთის კონსტიტუციის, პოლონეთის პრეზიდენტისა და პოლონეთის მთავრობის მიერ“. მან განაცხადა, რომ მისი როლია რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობით „ევროკავშირში უფრო ძლიერი ცენტრალური ევროპის აშენება“.