პოლონეთში, ბელარუსის საზღვართან ახლოს, რუსული დრონი საცხოვრებელ შენობას დაეცა

პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრილი რუსული დრონი ლუბლინის სავოევოდოში საცხოვრებელ შენობას დაეცა. ინციდენტი ვლოდავას ოლქის სოფელ ვირიკში მოხდა, იტყობინება Polsat News-ი.
დრონის ნამსხვრევებმა დააზიანა შენობის სახურავი და იქვე გაჩერებული მანქანა. ლუბლინის პოლიციის ინსპექტორის მოადგილის ანჯეი ფიიოლეკის თქმით, არავინ დაშავებულა.
ვოლოდავას ოლქის მერმა მარიუშ ზანკომ ინციდენტი დაადასტურა და აღნიშნა, რომ ამჟამად ყველა გარემოება დგინდება.
„ჯერ ზუსტი დეტალები არ ვიცით: უცნობია, შენობაზე დრონი დაეცა, თუ ნამსხვრევები. როგორც მოსახლეობისგან შევიტყვე, ხალხმა აფეთქების ხმა გაიგო და პოლონური გამანადგურებლებიც დაინახა. სიტუაცია რთული და საგანგაშოა“, - აღნიშნა მან.
ოფიციალურმა პირმა დასძინა, რომ მოსახლეობაში დიდი შეშფოთება იგრძნობა. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც აფასებენ ზარალის მასშტაბს.
ინფორმაციისთვის, 10 სექტემბრის ღამეს უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური იერიშის დროს რუსულმა დრონებმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს. პოლონეთმა რუსული დრონების გასანადგურებლად საჰაერო თავდაცვა და თვითმფრინავები განალაგა.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე ათზე მეტმა რუსულმა დრონმა დაარღვია. მათ ჩამოსაგდებად პოლონეთის ძალებმა საჰაერო ოპერაცია დაასრულეს. მომხდარის გამო ქვეყანაში ოთხი აეროპორტი დროებით დაიხურა.