პოლონეთში ავტომობილი ხალხში შევარდა - დაიღუპა ერთი ადამიანი
პოლონეთში, პოზნანის მახლობლად მდებარე სოფელ დაჩოვაში ავტომობილი ხალხის ჯგუფს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.
თავდაპირველად ინციდენტი ავტოსაგზაო შემთხვევად შეფასდა, თუმცა პოლიცია ვარაუდობს, რომ ინციდენტს სისხლისსამართლებრივი ხასიათი აქვს.
შემთხვევა 28 სექტემბერს, შუადღისას რკინიგზის გადასასვლელთან მოხდა.
პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, 39 წლის მამაკაცი ავტომობილით ხალხის ჯგუფში გადაჭარბებული სიჩქარით შევარდა.
შეჯახების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებული მძიმე მდგომარეობაში იყო და მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის იმ საღამოს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
დაღუპული მძღოლის ძმა იყო. 39 წლის მამაკაცი შეჯახების შემდეგ ადგილიდან მიიმალა, თუმცა მოგვიანებით პოლიციამ ის დააკავა.
სამართალდამცველებს გამოძიების ყველა შედეგი ჯერ არ გაუსაჯაროებიათ. ამასთან, წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე ზოგიერთი პირი „ყაჩაღობისა და ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილეობისთვის წარსულში ნასამართლევი იყო“.