Loading data...
პოლონეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტი შეაჩერა „უკრაინის ამბოხებულთა არმიის“ გარშემო სკანდალის გამო

პოლონეთმა უკრაინაში შეიარაღების მსხვილი პაკეტის მიწოდება შეაჩერა. ამის მიზეზი ლვოვის საოლქო საბჭოს გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც 2027 წელი „უკრაინის ამბოხებულთა არმიის“ წლად გამოაცხადა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, ლვოვის საოლქო საბჭომ კენჭისყრა სწორედ იმ მომენტში ჩაატარა, როდესაც პოლონეთი უკრაინაში სამხედრო დახმარების მასშტაბური პაკეტის გაგზავნას აპირებდა.

„ამ უპასუხისმგებლო ქმედების გამო სამხედრო პაკეტის მიწოდება შეჩერებულია. ამ პრობლემის მოსაგვარებლად დახურული არხებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს“, - განუცხადა „რბკ უკრაინას“ ინფორმირებულმა წყარომ.

მოგვიანებით პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მარჩინ ბოსაცკიმ ტელეკომპანია Polsat News-ის ეთერში განაცხადა, რომ ლვოვის საოლქო საბჭოს გადაწყვეტილება ძალაში არ შევა. მისი თქმით, ვარშავის ჩარევის შემდეგ ლვოვის საბჭოს საიტიდან 2027 წლის „ამბოხებულთა არმიის წლად“  გამოცხადების ინფორმაცია გაქრა. „ჩვენ უკრაინის ხელისუფლებას ვენდობით და ვიმედოვნებთ, რომ დაპირებას შეასრულებს“, - განაცხადა ბოსაცკიმ.

მიმდინარე წლის მაისში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ქვედანაყოფს „უკრაინის ამბოხებულთა არმიის გმირების“ სახელი მიანიჭა, რათა „ნაციონალური არმიის ისტორიული ტრადიციები“ აღდგენილიყო. ამ გადაწყვეტილებამ პოლონეთის მხრიდან სერიოზული კრიტიკა გამოიწვია. პოლონეთში „უკრაინის ამბოხებულთა არმიას“ მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონელების მასობრივი მკვლელობებში დამნაშავედ თვლიან.