Loading data...
პოლონეთმა თავის მოქალაქეებს ბელარუსის დატოვება ურჩია

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პოლონელ მოქალაქეებს ბელარუსის დატოვება და ამ ქვეყანაში მოგზაურობისგან თავის შეკავება ურჩია. „ეს დემოკრატიული ქვეყანა არ არის და ის არ არის მეგობრულად განწყობილი პოლონეთის მიმართ. მსურს, რომ ეს გაფრთხილება რაც შეიძლება სერიოზულად აღიქვათ,“ – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა პაველ ვრონსკის. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

4 სექტემბერს, ბელარუსის ტელევიზიით გადაიცა სიუჟეტი ბელარუსში 1998 წელს დაბადებული პოლონეთის მოქალაქის დაკავებაზე, რომელსაც ჯაშუშობა ედება ბრალად. ოფიციალური მინსკის ვერსიით, დაკავებული აგროვებდა ინფორმაციას რუსულ-ბელარუსული სამხედრო წვრთნების, „დასავლეთი-2025“-ის შესახებ, რომლებიც 12-16 სექტემბრისთვის არის დაგეგმილი.

დაკავებულის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ჯაშუშობის მუხლით. ამ ბრალდებით ბელარუსში მას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა 5 სექტემბერს ბელარუსის მიერ პოლონეთის მოქალაქის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს აბსურდული უწოდა. მისი თქმით, დაკავებული პოლონელი ბერი არის, რომელიც ბელარუსში მღვდელს სტუმრობდა, ვისთანაც მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.