პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ვარშავა უკრაინის საზღვართან „ფრენებისთვის აკრძალულ ზონას“ შექმნის
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ცეზარე ტომჩიკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვარშავა უკრაინასთან საზღვრის გასწვრივ „ფრენებისთვის აკრძალულ ზონას“ შექმნის. მან ასევე რეგიონში არსებულ სხვა მოკავშირეებს ანალოგიური ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდა.
პოლონეთის ეს გადაწყვეტილება რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, რუსეთის მიერ ნატოს წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტებს უკავშირდება.
„მთავრობა უკვე ამზადებს დადგენილებას, რომელიც დეკემბრის ბოლოს, ან იანვრის დასაწყისში უნდა შევიდეს ძალაში“, - განაცხადა ტომჩიკმა.
„ასევე, მოვუწოდებთ ჩვენს მოკავშირეებს - მთლიანად ნატოს ალიანსს - ასეთი პრინციპი აღმოსავლეთ ფლანგის გასწვრივ შემოიღონ. პოლონეთი ამ მხრივ პიონერი იყო და მას შემდეგ ბალტიისპირეთის სახელმწიფოები ჩვენს მაგალითს მიჰყვნენ“, - აღნიშნა მან.
ამასთან, ტომჩიკმა განაცხადა, რომ „ფრენებისთვის აკრძალული ზონა“ საზღვრიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის ტერიტორიას მოიცავს და პოლონეთის შეიარაღებულ ძალებს დამატებით მხარდაჭერას გაუწევს.