Loading data...
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: დასავლეთმა უკრაინის თავზე რუსული რაკეტების ჩამოგდება უნდა განიხილოს

დასავლეთმა უკრაინის საჰაერო სივრცეში რუსული დრონებისა და რაკეტების ჩამოგდების საკითხი უნდა განიხილოს, განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ.

აღნიშნულია, რომ დიპლომატიური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ეს რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრის საკითხის განხილვის ფონზე განაცხადა.

„თუ პირადად მე მკითხავთ: ამაზე უნდა დავფიქრდეთ. ტექნიკურად, ჩვენ, როგორც ნატო და ევროკავშირი, შევძლებთ ამის გაკეთებას, მაგრამ ეს არის გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც პოლონეთს დამოუკიდებლად არ შეუძლია, არამედ მხოლოდ მოკავშირეებთან ერთად“, - აღნიშნა სიკორსკიმ.

მან ასევე ისაუბრა ბალტიის ზღვაში რუსული ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ კოორდინირებული მიდგომის შექმნის მნიშვნელობაზე. 

„გერმანიას, ან ნატოს შეუძლია, შექმნას საზღვაო კონტროლის ზონა ჩრდილოეთის ზღვაში და ამით გააკონტროლოს ამ გემების შესვლა ბალტიის ზღვაში“, - განაცხადა სიკორსკიმ. 

მან დასძინა, რომ თუ ამ რუსული გემებიდან თუნდაც ერთი ჩაიძირებოდა ბალტიის ზღვაში, ეს იქნებოდა „უპრეცედენტო მასშტაბის ეკოლოგიური კატასტროფა“.