პოლონეთის პრეზიდენტი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ომისთვის მზად ვიყოთ

პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ ნატოს მოუწოდა, ომის მზადყოფნისთვის ძალისხმევა გააძლიეროს. ამის შესახებ მან Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ომისთვის მოვემზადოთ, რადგან ეს მშვიდობის უზრუნველყოფის ერთადერთი გზაა“, - ხაზგასმით აღნიშნა ნავროცკიმ.
რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრასთან დაკავშირებით, ნავროცკიმ განაცხადა, ეჭვი არ ეპარება, რომ „ეს იყო პირდაპირ მოსკოვიდან მიმართული თავდასხმა“.
„ნატო კიდევ უფრო უკეთ იქნება მომზადებული“, - აცხადებს ნავროცკი.
გარდა ამისა, ნავროცკი ასევე ეთანხმება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ ნატოს წევრებმა შეწყვიტონ რუსეთიდან ნავთობის იმპორტი.
„ყველა ქვეყანამ, რომელიც მშვიდობისა და თავისუფლებისკენ ისწრაფვის, უნდა შეწყვიტოს რუსეთის ფედერაციის სუბსიდირება“, - დასძინა პოლონეთის პრეზიდენტმა.