Loading data...
პოლონეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია

პოლონეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ ამჟამად უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია. ამის შესახებ მან Mandiner.hu-სთან ინტერვიუში ისაუბრა, როდესაც უპასუხა კითხვას, თუ რას ფიქრობს ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანების შესახებ მოწოდებებზე.

„ამ ეტაპზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი ვარ. ვიცი, რომ ჩვენ, პოლონეთის სახელმწიფომ, უკრაინას სტრატეგიული და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით მხარი უნდა დავუჭიროთ. ჩემთვის, როგორც ანტიკომუნისტისთვის, და, ჩემი აზრით, მთელი რეგიონისთვის ყველაზე დიდი საფრთხე რუსეთის ფედერაციაა. ეს არის პოსტიმპერიული, ნეოკომუნისტური სახელმწიფო, რომელსაც სათავეში ომის დამნაშავე ვლადიმერ პუტინი უდგას. ძალიან კრიტიკულად ვარ განწყობილი რუსეთის ფედერაციის მიმართ, სადაც, სხვათა შორის, მე, როგორც ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, დევნილი ვარ. ხუთწლიანი პატიმრობა მემუქრებოდა სამხედრო ტყვეთა ბანაკში“, - აღნიშნა პოლიტიკოსმა.

მისი თქმით, ერთი მხრივ, პოლონეთმა მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინას რუსეთთან კონფლიქტში, თუმცა კიევმა უნდა გაიგოს, რომ სხვა ქვეყნებს, როგორებიცაა პოლონეთი, უნგრეთი და ა.შ., საკუთარი ინტერესები აქვთ.

„პოლონეთის ასეთ ინტერესებში შედის, მაგალითად, ვოლინის მსხვერპლთა ექსჰუმაცია. საარჩევნო კამპანიის დროს მე არ დავეთანხმე და, როგორც პრეზიდენტი, არც დავეთანხმები უკრაინასთან არაკეთილსინდისიერ კონკურენციას პოლონეთის სოფლის მეურნეობის, ან ლოგისტიკის სექტორის კუთხით. ამ საკითხებში ჩვენ კომპრომისსა და კონსენსუსამდე უნდა მივიდეთ. მე უკრაინას ვხედავ, როგორც ქვეყანას, რომელიც, მართალია, ძალიან მამაცურად იცავს თავს რუსეთის ფედერაციისგან, მაგრამ პატივი უნდა სცეს სხვა ქვეყნების ინტერესებს, რომლებიც, სხვათა შორის, მხარს უჭერენ უკრაინას“, - ხაზგასმით აღნიშნა ნავროცკიმ.

პოლონეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დასძინა, რომ მისმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უკრაინის მხარდაჭერაში პრეზიდენტ ანჯეი დუდას და პოლონეთის მოქალაქეების წყალობით. შესაბამისად, ნავროცკის თქმით, ეს ნიშნავს, რომ პოლონეთსაც აქვს საკუთარი ინტერესების დაცვის უფლება.

ცნობისთვის, კაროლ ნავროცკი პოლონეთის პრეზიდენტის თანამდებობას ოფიციალურად 6 აგვისტოს დაიკავებს.