პოლონეთი უკრაინისთვის Starlink-ის დაფინანსებას შეწყვეტს

პოლონეთი უკრაინისთვის Starlink-ის დაფინანსებას ვეღარ შეძლებს. მიზეზი პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის მიერ უკრაინელებისთვის დახმარების შესახებ კანონზე ვეტოს დადება გახდა, - ამის შესახებ პოლონეთის ციფრული ტექნოლოგიების მინისტრმა კშიშტოფ გავკოვსკიმ სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა.
„პრეზიდენტის ვეტოები მოქმედებს! კაროლ ნავროცკი თავისი გადაწყვეტილებით უკრაინაში ინტერნეტს თიშავს. ეს არის Starlink ინტერნეტის დასასრული, რომელსაც პოლონეთი მეომარ უკრაინას სთავაზობს. ეს, ასევე, არის უკრაინის ადმინისტრაციის მონაცემების უსაფრთხო ადგილას შენახვის მხარდაჭერის დასასრული“, - წერს ის.
გავკოვსკი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება რუსი სამხედროებისთვის „საჩუქარია“. მან გაიხსენა, რომ უკრაინელი სამხედროები რეგულარულად იყენებენ Starlink-ს.
„ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ზიანს აყენებთ იმ ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან საკუთარი დამოუკიდებლობისთვის და ამავდროულად ეხმარებით რუსეთს“, - მიმართა გავკოვსკიმ ნავროცკის.