Loading data...
პოლონეთი, რუსეთის ქმედებების გამო, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების მთავარი სატრანზიტო კვანძის გარშემო უსაფრთხოებას აძლიერებს - Bloomberg

პოლონეთის ხელისუფლება, რუსეთის მხრიდან დივერსიული ოპერაციების გამო, უკრაინისთვის უცხოური სამხედრო დახმარების მიწოდების მთავარი სატრანზიტო კვანძის გარშემო უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაშ სემონიაკმა განაცხადა, რომ ხელისუფლება უსაფრთხოებას ჟესოვ-იასიონკას აეროპორტის გარშემო აძლიერებს, საიდანაც დასავლური დახმარების 90%-მდე უკრაინის ფრონტისკენ მიდის.

„საქმე გვაქვს უცხო სახელმწიფოსთან, რომელიც ახორციელებს მტრულ ქმედებებს პოლონეთის ტერიტორიაზე, მსგავსი რამ აქამდე არ მომხდარა“, - განაცხადა მან.

სემონიაკმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ბოლო დივერსიული აქტები რუსეთის სამხედრო დაზვერვის დაკვეთით მოხდა და დასძინა, რომ მსგავსი მეთოდები მთელ ევროპაში გამოიყენება. მისი თქმით, დაზვერვას დაქირავებული ჰყავს „ერთჯერად აგენტები“, რომლებიც ფულის სანაცვლოდ დანაშაულებრივ ქმედებებს ახორციელებენ. 

„ჩვენ აღარ ვსაუბრობთ გავლენის აგენტებზე, ან რაიმე სახის ონლაინ აქტივობაზე. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, მოვიდნენ და რაღაცას ცეცხლი წაუკიდონ“, - აღნიშნა სემონიაკმა.

ცნობისთვის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პოლონეთში დააკავეს 9 ადამიანი, რომლებიც რუსეთის დაკვეთით დივერსიის მცდელობაში არიან ეჭვმიტანილები. მათ შორის არიან უკრაინის, ბელარუსისა და პოლონეთის მოქალაქეები.