Loading data...
პოლონეთში დააკავეს 9 ადამიანი, რომლებიც რუსეთის დაკვეთით დივერსიის მცდელობაში არიან ეჭვმიტანილები - ტუსკი

პოლონეთში დააკავეს 9 ადამიანი, რომლებიც რუსეთის დაკვეთით დივერსიის მცდელობაში არიან ეჭვმიტანილები. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, წერს Reuters-ი. 

მისი თქმით, რუსეთთან ომში უკრაინისთვის დახმარების მიწოდების გამო, პოლონეთი რუსეთის სადაზვერვო სამსახურების მთავარ სამიზნედ იქცა. 

„ამჟამად 9 ეჭვმიტანილი დავაკავეთ, რომლებიც პოლონეთში განხორციელებულ დივერსიულ აქტებში უშუალოდ რუსული სამსახურების სახელით მონაწილეობისთვის არიან ბრალდებულები. ეს მოიცავს ცემას, ცეცხლის წაკიდებასა და დაწვის მცდელობებს“, - განუცხადა ტუსკმა მაუწყებელ TVN24-ს.

მისივე თქმით, ეჭვმიტანილებს შორის არიან კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები, მათ შორის, უკრაინის, ბელარუსისა და პოლონეთის მოქალაქეები. 

პოლონეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ დივერსიის მცდელობები ასევე შეეხო ლიეტუვას, ლატვიასა და შესაძლოა, შვედეთსაც. ტუსკის თქმით, ამ საკითხზე მოკავშირეებთან აქტიურად თანამშრომლობენ.