Loading data...
პოლონეთი ილონ მასკს Starlink-ის დაფინანსების შეწყვეტით ემუქრება

„პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი ილონ მასკს Starlink-ის ყოველწლიური, 50 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსების გადახედვით ემუქრება“, - ამის შესახებ POLITICO იუწყება.

უწყების ხელმძღვანელის უკმაყოფილება კომპანიის მიერ პოლონელი მომხმარებლებისთვის როუმინგის ახალი შეზღუდვების დაწესებამ გამოიწვია.

„შეწყვიტე Starlink-ის პოლონელი მომხმარებლების დისკრიმინაცია, თორემ შეიძლება გადავხედოთ შენი მომსახურებისთვის წელიწადში 50 მილიონი დოლარის გადახდას“, - მიმართა სიკორსკიმ მასკს.

გამოცემის ცნობით, ვარშავის აღშფოთება Starlink-ის იმ გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც პოლონეთი ევროპული როუმინგის ერთიანი ზონიდან ამოიღეს. აღნიშნული ზონა 30-ზე მეტ ქვეყანას (მათ შორის გერმანიას, ჩეხეთს, სლოვაკეთსა და ლიეტუვას) მოიცავს და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ტერმინალები საზღვარგარეთ შეზღუდვების გარეშე გამოიყენონ. ახალი წესებით კი პოლონელ აბონენტებს მოგზაურობისას დამატებითი მოთხოვნების შესრულება მოუწევთ.

ილონ მასკს პოლონეთის ციფრულ საკითხთა მინისტრი კშიშტოფ გავკოვსკიც დაუპირისპირდა - მან Starlink-ის მშობელი კომპანია SpaceX-ი პოლონელ მომხმარებლებს „მეორეხარისხოვან მომხმარებლებად“ განხილვაში დაადანაშაულა და მოითხოვა, კომპანიამ ცვლილების სამართლებრივი საფუძველი მკაფიოდ განმარტოს.