Loading data...
პოლონეთი ერთნაირსქესიანთა ქორწინებებს აღიარებს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებშია გაფორმებული

პოლონეთში აღიარებენ ერთნაირსქესიანთა ქორწინებებს, რომლებიც ევროკავშირის სხვა ქვეყნებშია გაფორმებული. ამის შესახებ გადაწყვეტილება პოლონეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ მიიღო. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

სასამართლო განიხილავდა პოლონური წყვილის საქმეს, რომელმაც გერმანიაში 2018 წელს ხელი მოაწერა. შემდეგ წყვილი საცხოვრებლად ვარშავაში დაბრუნდა, მაგრამ იქ მათი ქორწინება არ დაარეგისტრირეს, რადგანაც პოლონეთის კონსტიტუციაში ქორწინება განსაზღვრულია, როგორც კავშირი კაცსა და ქალს შორის.

2025 წლის ნოემბერში ევროპის სასამართლომ ლუქსემბურგში დაადგინა, რომ ასეთი ქორწინების დარეგისტრირებაზე უარი არღვევს ევროკავშირის კანონმდებლობას, აფერხებს გადაადგილების და ცხოვრების თავისუფლების უფლებას და ასევე ის პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის პრინციპებს არ შეესაბამება. სასამართლომ მაშინ დაადგინა, რომ ევროკავშირის ერთ ქვეყანაში მიღებული ოჯახური სტატუსი მის ყველა ქვეყანაში უნდა იყოს აღიარებული.

პოლონეთის სასამართლომ ვერ აღმოაჩინა იმის წინაპირობა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დარეგისტრირება ქვეყნის მართლწესრიგის ფუძემდებლურ პრინციპებს საფრთხეს უქმნის.

ბოლო მონაცემებით, პოლონეთის 30-დან 40 ათასამდე მოქალაქემ საზღვარგარეთ ერთნაირსქესიანი ქორწინება დაარეგისტრირა. პოლონეთის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ერთნაირსქესიანთა წყვილებს პოლონეთში მათი დაკანონების შესაძლებლობა ექნებათ.