Loading data...
პოლონელი ევროპარლამენტარი ევა ზაიონჩკოვსკა-ჰერნიკი: ევროკავშირის ახალი ბიუჯეტი პოლონეთის ძარცვას ემსახურება, უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავენ - მხარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუჭიროთ, რადგან ის ჩვენი ქვეყნის ინტერესებს აზიანებს

პოლონელი ევროპარლამენტარი, პოლიტიკური გაერთიანება „კონფედერაციის“ წარმომადგენელმა ევა ზაიონჩკოვსკა-ჰერნიკიმ, X-ზე ევროკავშირის 2028–2034 წლების ახალი ბიუჯეტის პროექტი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მხარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუჭირონ, რადგან ის მათი ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.

ევროპარლამენტარმა პოსტში ბიუჯეტის კონკრეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც, მისი თქმით, პოლონეთს ტვირთად დააწვება, მათ შორისაა უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს გამოყოფა.

„ძალიან ცუდი ამბები ბრიუსელიდან - ჩვენი გაყვლეფა სურთ!

აი, ახალი ბიუჯეტი, რომელსაც ევროკავშირის „ელიტები“ მომდევნო 7 წლისთვის გვთავაზობენ! ნახეთ, რისთვის უნდა გავიღოთ ფული:

100 მილიარდი ევრო უკრაინისთვის (დასაწყისისთვის, რადგან უკვე ამბობენ, რომ ეს თანხაც საკმარისი ნამდვილად არ იქნება).

100 მილიარდი ევრო ევროკომისიის, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ბიუროკრატიული აპარატის ფუნქციონირებისთვის.

ETS-ის გადასახადიდან, რომელიც პოლონელებს კომუნალურ ხარჯებს უძვირებს, მიღებული შემოსავლების 30% პირდაპირ ბრიუსელს უნდა გადავცეთ.

თამბაქოს აქციზიდან ევროკავშირის ბიუჯეტში თავდაპირველად 4,7 მილიარდი ევრო (დაახლოებით 21 მილიარდი ზლოტი) უნდა გადავრიცხოთ, საბოლოოდ კი ეს თანხა შესაძლოა, 8,2 მილიარდ ევრომდე (36 მილიარდ ზლოტამდე) გაიზარდოს.

ასევე უნდა გადავცეთ ელექტრონული ნარჩენების მოსაკრებლიდან, ციფრული მომსახურებისა და ნახშირბადის სასაზღვრო (CBAM) გადასახადებიდან მიღებული თანხები.

თითქოს ეს არ კმაროდეს, გერმანელები სხვა სახელმწიფოების დაფინანსების საკითხებში ვეტოს უფლების გაუქმებასაც მოითხოვენ, რათა მომავალ წლებში, ევროკავშირმა ყველა ჩვენგანის ხარჯზე უკრაინაში იმდენი ფული გადაისროლოს, რამდენიც მოესურვება და ეს ყველაფერი დაჩქარებული ტემპით ხდება.

მართალია, ბიუჯეტის შეთანხმების ვადა მხოლოდ 2027 წლის ბოლოს იწურება, მაგრამ ევრობიუროკრატებს ამ საკითხის მოგვარება საფრანგეთსა და პოლონეთში მნიშვნელოვანი არჩევნების ჩატარებამდე სურთ. 2028–2034 წლების მთელი ბიუჯეტი ერთი დიდი დაცინვაა.

როგორც ვხედავთ, ათობით მილიარდი ზლოტი, რომელიც პოლონეთის ბიუჯეტში უნდა შედიოდეს, ერთგვარი ხარკის სახით ევროკავშირის ბიუჯეტში აღმოჩნდება. მხოლოდ თამბაქოს აქციზიდან თითქმის ორჯერ მეტის გადახდა გვიწევს, ვიდრე ევროკავშირის ეკონომიკაში ჩვენი წილის მიხედვით გვეკუთვნის!

ვერ წარმომიდგენია, მთავრობა ასეთ უსამართლობას დათანხმდეს. ეს პოლონეთის გაყვლეფის ბიუჯეტია, რომელსაც მხარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუჭიროთ, რადგან ის ჩვენი ქვეყნის ინტერესებს აზიანებს!“ - წერს ევროპარლამენტარი.