Politico: უნგრეთი ჩეხეთთან და სლოვაკეთთან ერთად ანტიუკრაინული ბლოკის შექმნას გეგმავს
უნგრეთი ჩეხეთთან და სლოვაკეთთან ერთად ევროკავშირში ანტიუკრაინული ალიანსის შესაქმნელად ძალების გაერთიანებას ცდილობს. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მთავარმა პოლიტიკურმა მრჩეველმა Politico-ს განუცხადა.
ორბანის მრჩევლის თქმით, მას სურს თანამშრომლობის დამყარება ანდრეი ბაბიშთან, რომლის მემარჯვენე პოპულისტურმა პარტიამ ცოტა ხნის წინ ჩეხეთის არჩევნებში გაიმარჯვა, ასევე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან, რათა ევროკავშირის ლიდერების შეხვედრების წინ პოზიციები კოორდინირებული იყოს და სამიტების წინ ერთობლივი კონსულტაციები ჩატარდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ფორმალური ალიანსის ჩამოყალიბებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, მისმა ფორმირებამ შესაძლოა, სერიოზულად შეაფერხოს ევროკავშირის ძალისხმევა უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის გაწევის კუთხით.
„ვფიქრობ, ეს მოხდება — და სულ უფრო შესამჩნევი გახდება. მიგრაციული კრიზისის დროს ეს კარგად მუშაობდა — ასე შევძელით წინააღმდეგობის გაწევა“, - ხაზგასმით აღნიშნა ორბანის პოლიტიკურმა დირექტორმა ბალაშ ორბანმა, როდესაც კომენტარი გააკეთა ევროპულ საბჭოში უკრაინის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნების ბლოკის შექმნის შესაძლებლობაზე და გაიხსენა „ვიშეგრადის ოთხეულის“ (უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და პოლონეთი) თანამშრომლობა 2015 წელს, როდესაც ვარშავის ხელისუფლებაში ევროსკეპტიკური პარტია „კანონი და სამართლიანობა“ იყო.
იმ დროს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი წამყვან როლს ასრულებდა, ხოლო ვიშეგრადის ჯგუფი ხელს უწყობდა ოჯახურ ღირებულებებს, აძლიერებდა ევროკავშირის გარე საზღვრებს და ეწინააღმდეგებოდა მიგრანტების სავალდებულო გადანაწილებას ბლოკის ქვეყნებს შორის. თუმცა ალიანსი დაიშალა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო - პოლონეთმა მკაცრი ანტირუსული პოზიცია დაიკავა, ხოლო უნგრეთმა საპირისპირო კურსი აირჩია, ხაზგასმით აღნიშნავენ ჟურნალისტები.
ახალი „ვიშეგრადის სამეული“ მხოლოდ სამი წევრისგან უნდა შედგებოდეს, პოლონეთის გარეშე, რომლის ამჟამინდელი მთავრობა, დონალდ ტუსკის ხელმძღვანელობით, უკრაინის მტკიცე მხარდაჭერის მომხრეა.
ფიცო და ბაბიში, პირიქით, ორბანის მიდგომას იზიარებენ და სანქციების გამკაცრების ნაცვლად, მოსკოვთან დიალოგს ითხოვენ.
ბალაშ ორბანის თქმით, ბუდაპეშტი ბრიუსელში და ევროპული საბჭოს გარეთ პოლიტიკურ ალიანსებს ეძებს.
„[ვიშეგრადის ოთხეულის] რესტრუქტურიზაციის პროცესი უკვე მიმდინარეობს. ჩვენ გვყავს ევროპარლამენტში სიდიდით მესამე ფრაქცია, ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს ანალიტიკური ცენტრების ქსელი და ჩვენ ვეძებთ მოკავშირეებს ყველა სფეროში“, - აღნიშნა მან.