Politico: ტრამპის ადმინისტრაცია ევროკავშირზე ზეწოლას ახდენს, რათა მან რუსული აქტივების გამოყენებაზე უარი თქვას
შეერთებული შტატები ზეწოლას ახდენს ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაზე, რათა ბლოკმა უარი თქვას გაყინული რუსული აქტივების უკრაინის საჭიროებებისთვის გამოყენებაზე. თუ გადაწყვეტილებები არ მიიღება, კიევს შესაძლოა, ეკონომიკური პრობლემები შეექმნას. ამის შესახებ Politico წერს.
გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ლიდერების 18 დეკემბერს დაგეგმილ სამიტზე განისაზღვრება, შეძლებს თუ არა ბლოკი ერთიანობის შენარჩუნებას, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეძლებს მის გაყოფას.
როგორც ცნობილია, ამ შეხვედრის მთავარი თემა იქნება, შეძლებს თუ არა ევროპის საბჭო უკრაინის დასაფინანსებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიღებას.
ევროკავშირის ოთხი მაღალჩინოსნის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ევროპის მთავრობებზე ზეწოლა მოახდინეს, რათა მათ უარი ეთქვათ გეგმაზე, რომელიც უკრაინის დასაფინანსებლად რუსული გაყინული აქტივებიდან 210 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. ზეწოლა ხორციელდება იმ ქვეყნებზე, რომლებსაც ვაშინგტონი ყველაზე მეგობრულად მიიჩნევს.
„მათ ჩვენი დასუსტება სურთ“, - განაცხადა სამიტის წინა პერიოდში ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში ჩახედულმა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა.
Politico აღნიშნავს, რომ როდესაც ევროკავშირის ლიდერები ოქტომბერში ბრიუსელში შეხვდნენ, ბელგიის წინააღმდეგობის გამო მათ რუსეთის გაყინულ აქტივებზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. თუმცა ორი თვის შემდეგ გაირკვა, რომ ევროკავშირის პრობლემა არა იმდენად ბელგიის პოზიციით, არამედ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოზიციით იყო განპირობებული.
ამ პერიოდის განმავლობაში ევროკომისია და ყველაზე გავლენიანი დედაქალაქები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, რათა დაეთანხმებინათ ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი, რომლის მხარდაჭერაც გადამწყვეტია. სწორედ მის ქვეყანაშია რუსეთის გაყინული აქტივების უმეტესი ნაწილი განთავსებული. ბოლო კვირის განმავლობაში განხილვები გაძლიერდა, რადგან ევროკავშირი ბელგიისთვის გარანტიების მიცემას ცდილობს.
თუმცა, მაღალი თანამდებობის პირის თქმით, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, შეთანხმების მიღწევის შანსები გაუმჯობესების ნაცვლად გაუარესდა.
Politico იუწყება, რომ უკრაინას სასოწარკვეთილად სჭირდება თანხები, რადგან მომავალ წელს მას 71,7 მილიარდი ევროს ოდენობის ბიუჯეტის დეფიციტი ემუქრება. თუ ფულს აპრილამდე არ მიიღებს, ქვეყანას მოუწევს სამთავრობო ხარჯების შემცირება, რამაც შეიძლება შეარყიოს ქვეყნის მორალი და თავდაცვის უნარი რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან თითქმის ოთხი წლის შემდეგ.