Politico: ტრამპი აკეთებს იმას, რისი გაკეთებაც ევროკავშირმა წლების განმავლობაში ვერ გაბედა
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოულოდნელი ნაბიჯი - რუსეთის უმსხვილესი ნავთობკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესება - კრემლის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის საომარი მანქანის პარალიზებას არ გამოიწვევს, მაგრამ ევროკავშირს რუსული ნავთობისგან სამუდამოდ თავის დაღწევაში დაეხმარება, მიაჩნიათ ჟურნალისტებს. დეტალები ჯერ კიდევ დაზუსტების პროცესშია, თუმცა თეორიულად, სანქციებმა შეიძლება აიძულოს კომპანიები, გაყიდონ აქტივები და შეწყვიტონ ევროპაში ნავთობის მიწოდება. წერს Politico.
„ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს აიძულებს ევროპულ ქვეყნებსა და კომპანიებს, რომლებიც აგრძელებენ რუსული ენერგიის შეძენას, გადახედონ შეთანხმებებს 21 ნოემბრამდე, როდესაც ზომები ძალაში შევა“, - განაცხადა კიმბერლი დონოვანმა, ატლანტიკური საბჭოს ექსპერტმა.
განცხადება გაკეთდა ერთი თვის შემდეგ, რაც ტრამპმა მკვეთრად გააკრიტიკა ევროპა რუსული ენერგორესურსების „გაუმართლებელი“ შესყიდვების გამო, რომლებიც კრემლის სამხედრო ბიუჯეტის დაახლოებით მეოთხედს შეადგენს.
„მოსკოვისთვის ახალი სანქციები დაუყოვნებლივ დანაკარგებს ნიშნავს, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი უკრაინაში მის სამხედრო ძალისხმევას შეაფერხებენ“, - წერს მედია.
საკონსულტაციო ფირმა „არგუსის“ მთავარი ეკონომისტის, დევიდ ფაიფის თქმით, რუსეთის მიერ ყოველდღიურად ექსპორტირებული 4.4 მილიონი ბარელი ნავთობის დაახლოებით ორ მესამედს „როსნეფტი“ და „ლუკოილი“ უზრუნველყოფენ.
„სანქციები განსაკუთრებით მძიმე დარტყმას მიაყენებს „ლუკოილს“, - განაცხადა კომპანიის ყოფილმა მენეჯერმა.
მისი თქმით, კომპანია, სავარაუდოდ, იძულებული გახდება გაყიდოს წილები ეგვიპტიდან ერაყამდე უცხოურ პროექტებში, რაც შემოსავლის 20%-მდე დაკარგვას გამოიწვევს.
„თუმცა, რუსული ნავთობის უმსხვილესი მყიდველები - ჩინეთი და ინდოეთი - სავარაუდოდ, იმპორტს გააგრძელებენ“, - აღნიშნავს ჰომაიუნ ფალაკშაჰი, Kpler-ის ნავთობის ხელმძღვანელი.
რუსეთი მათ ნედლეულს უფრო დაბალ ფასებში სთავაზობს და პეკინს ალტერნატივა თითქმის არ აქვს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხანმოკლე პაუზის შემდეგ, „მყიდველების უმეტესობა შესყიდვებს დაუბრუნდება“, როგორც კი იპოვის გამოსავალს - მაგალითად, შუამავლების მეშვეობით, რომლებიც მალავენ ნავთობის რუსულ წარმოშობას.
როგორც მედია წერს, ახალ ზომებს, შესაძლოა, უფრო ხელშესახები გავლენა ჰქონდეს ევროპაზე. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ევროკავშირი ცდილობს შეამციროს რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულება: ბრიუსელმა ემბარგო დააწესა ნავთობის, საწვავის და ნახშირის ზღვით იმპორტზე და რუსეთის წილი გაზის ბაზარზე 45%-დან 13%-მდე შეამცირა.
„როსნეფტმა“ ევროპაში პოზიციები ფაქტობრივად დაკარგა მას შემდეგ, რაც გერმანიამ მისი შვილობილი კომპანიების კონტროლი 2022 წელს გადაიბარა. გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ-ის ზომები „არ იყო მიმართული „როსნეფტის“ გერმანული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული დანაყოფების წინააღმდეგ“. ხუთშაბათს ევროკავშირმაც გაამკაცრა საკუთარი სანქციები „როსნეფტის“ წინააღმდეგ.
სიტუაცია განსხვავებულია „ლუკოილის“ შემთხვევაში: რუსეთის უმსხვილესი კერძო ნავთობკომპანია ფლობს ასობით ბენზინგასამართ სადგურს მთელ ევროკავშირში (მათ შორის დაახლოებით 200 ბელგიაში), დიდ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებს რუმინეთსა და ბულგარეთში და 45%-იან წილს ნიდერლანდებში არსებულ ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაში. ის აგრძელებს ნავთობის მიწოდებას უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ 86-100%-ით არიან დამოკიდებულნი მოსკოვზე და ეწინააღმდეგებიან ევროკავშირის ზეწოლას.
ახლა სიტუაცია იცვლება. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შესაძლოა, სანქციები დაუწესოს ყველას, ვინც გააგრძელებს „ლუკოილთან“ ან „როსნეფტთან“ თანამშრომლობას. ეს ნიშნავს, რომ ევროპულ ბანკებს აღარ შეეძლებათ ამ კომპანიებისთვის გადახდა.
„ეს ევროპული ბიზნესისთვის ძლიერი სიგნალია - მათ სასწრაფოდ უნდა შეწყვიტონ თანამშრომლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციების ქვეშ აღმოჩნდებიან“, - აღნიშნა დონოვანმა. ევროკომისიამ, თავის მხრივ, დაადასტურა, რომ ის განიხილავს „ლუკოილთან“ ფინანსური ტრანზაქციების აკრძალვას.
ეს სერიოზულ რისკებს უქმნის უნგრეთსა და სლოვაკეთს.
„თუ სანქციები ძალაში შევა, იმპორტი უბრალოდ შეჩერდება“, - აღიარა ერთ-ერთმა სლოვაკმა ჩინოვნიკმა.
ეფექტი უკვე იგრძნობა: ფინურმა კომპანია Neste-მ შეწყვიტა საწვავის მიწოდება Lukoil-ის შვილობილი კომპანიისთვის Teboil, ხოლო რუმინეთში ხელისუფლებამ მოითხოვა, რომ კომპანიამ Petrotel-ის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა მომდევნო თვის ბოლომდე გაყიდოს.
წყაროების ცნობით, ნიდერლანდები, ასევე, ელის Lukoil-ის წილის სწრაფ გაყიდვას ზელანდის ქარხანაში, ხოლო ბულგარეთის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა Naftohim იძულებული იქნება შეაჩეროს ოპერაციები 21 ნოემბრიდან, თუ მფლობელს არ შეიცვლის.