Politico: სტარმერის პრემიერმინისტრობა კვდება, არავინ იცის, როგორ გადაარჩინოს ის
სტარმერის პრემიერმინისტრობა კვდება, არავინ იცის, როგორ გადაარჩინოს ის, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა „პოლიტიკო“.
როგორც გამოცემა წერს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ „ბრძოლას იქამდე გააგრძელებს, ვიდრე სული უდგას“.
ეს განცხადება სტარმერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გორტონსა და დენტონში გამართულ შუალედურ არჩევნებში ლეიბორისტები დამარცხდნენ და პარტიამ მესამე ადგილი დაიკავა. გამარჯვებული გახდა მემარცხენე პარტია „მწვანეები“ და ნაიჯელ ფარაჯის პარტია „რეფორმა“.
როგორც მედია წერს, სტარმერის პარტიაში ცოტა ადამიანი ფიქრობს, რომ, პოლიტიკური თვალსაზრისით, ასეთი პერიოდი ძალიან დიდხანს გაგრძელდება.
„პოლიტიკოს“ ცნობით, „ეს შედეგი ლეიბორისტული პარტიის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდია. ამან კიდევ უფრო გაამწვავა დებატები სტარმერის სახიფათო მდგომარეობისა და იმ კურსის შესახებ, რომლითაც მას პარტია მიჰყავს“.
მთავრობის ექვსმა მინისტრმა, პარლამენტის წევრმა და ოფიციალურმა პირმა, ანონიმურობის დაცვის პირობით, „პოლიტიკოს“ განუცხადეს, რომ ისინი არ ელოდებიან პრემიერ-მინისტრის გადაყენებას ამ შედეგის ფონზე.
ამასთან, როგორც გამოცემა წერს, მაისში დაგეგმილ ეროვნულ და ადგილობრივ არჩევნებზე მოსალოდნელი მორიგი გამანადგურებელი მარცხი განიხილება „გარდამტეხ წერტილად“, რომელმაც შესაძლოა, წერტილი დაუსვას სტარმერის პრემიერობას.
სტარმერი და მისი მოკავშირეები აცხადებენ, რომ ვითარების გამოსწორება შეუძლიათ და სტრატეგიის ძირეული ცვლილება საჭირო არ არის.
როგორც „პოლიტიკო“ იუწყება, ლეიბორისტული პარტიის წევრებისადმი ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ წერილში სტარმერმა პირობა დადო, რომ „გაკვეთილებს ისწავლიდა“.
გამოცემა, ასევე, წერს, რომ ლეიბორისტულ პარტიაში ღიად რჩება კითხვა, შეძლებენ თუ არა სტარმერი და მისი მოკავშირეები სიმშვიდის შენარჩუნებას და არჩეული სტრატეგიის გაგრძელებას.