Loading data...
Politico: მაკრონი ციკლონით დაზარალებულ მაიოტაში ვიზიტის გამო ევროკავშირის სამიტს გამოტოვებს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბრიუსელში 19 დეკემბერს დაგეგმილ ევროპული საბჭოს სხდომას არ დაესწრება, რადგან ის მიემგზავრება მაიოტაში, ინდოეთის ოკეანეში მდებარე საფრანგეთის ტერიტორიაზე, რომელსაც ტროპიკული ციკლონი დაატყდა თავს. ამის შესახებ Politico იუწყება. 

ელისეის სასახლეში აცხადებენ, რომ მაკრონს ევროკავშირის სამიტზე მისი გერმანელი კოლეგა ოლაფ შოლცი წარადგენს, „საფრანგეთსა და გერმანიას შორის დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად“. ამავე ცნობით, დღეს საღამოს ის ბრიუსელში ევროკავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

ტროპიკული ციკლონი „ჩიდო“ მაიოტას 14 დეკემბერს დაატყდა თავს, რამაც დიდი ზიანი მიაყენა როგორც მოსახლეობას, ისე ინფრასტრუქტურას. 17 დეკემბრის საღამოს მდგომარეობით, ოფიციალური მონაცემებით, 22 ადამიანი დაიღუპა, 1 373 კი დაშავდა. თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ დაღუპულთა რიცხვმა შესაძლოა, რამდენიმე ათასს მიაღწიოს.

მაიოტას შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დადგენას აფერხებს კუნძულზე არალეგალური მიგრანტების მნიშვნელოვანი რაოდენობა და მიცვალებულთა 24 საათის განმავლობაში დაკრძალვის უპირატესად მუსლიმური ტრადიცია.

ციკლონმა ასევე ზიანი მიაყენა საკომუნიკაციო შესაძლებლობებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, სატელეკომუნიკაციო ქსელი ტერიტორიის 80%-შია მიუწვდომელი, რაც კიდევ უფრო ართულებს სიტუაციის შეფასებას.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მაიოტას მოსახლეობას სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მზად არის, კოორდინაცია გაუწიოს სასწრაფო დახმარებას ევროპიდან. მაიოტა ამჟამად წყლის, საკვებისა და საწვავის დეფიციტს განიცდის.

მაკრონმა ქვეყნის მასშტაბით გლოვის დღე გამოაცხადა, რომლის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.