Politico - კლასიკური მუსიკის რუსი შემსრულებლები ევროპაში ბრუნდებიან

ვლადიმერ პუტინის მუსიკალური ფავორიტები, კვლავ, ყურადღების ცენტრში არიან. „შავ სიაში“ შეყვანილ შემსრულებლებს ევროპა, ისევ, მასპინძლობს. ამის შესახებ Politico გვიყვება.
„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის არმია, უკანასკნელი საუკუნის განმავლობაში, ევროპაში შეიჭრა, მისი მუსიკა კონტინენტის თეატრებსა და საკონცერტო დარბაზებში, მაინც, გავრცელდა და რუსული კულტურის ძლიერების ელჩად იქცა“, - წერს გამოცემა და იმ პერიოდს გვახსენებს, როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა.
„რუსეთის ოპერები და ბალეტები, კვლავ, წამყვან ადგილს იკავებდნენ ევროპაში, მას შემდეგაც, რაც საბჭოთა კავშირი ჩამოიშალა. ეს ყველაფერი 2022 წლის ზამთარში შეწყდა, როდესაც კრემლმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო“, - აღნიშნულია სტატიაში.
კიევისადმი სოლიდარობის ნიშნად, კლასიკური მუსიკის სამყარომ გააუქმა რუსული კონცერტები, შეწყვიტა ისეთი მნიშვნელოვანი ნაწარმოებების შესრულება, როგორებიცაა „მაკნატუნა“ და „გედების ტბა“ და სცენას ჩამოაშორა ყველა ის შემსრულებელი, ვისაც საჯარო კავშირი ჰქონდა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.
თუმცა, სამი წლის შემდეგ, რუსეთის ზოგიერთი ცნობილი შემსრულებელი, მაინც, ბრუნდება ევროპის ორკესტრებსა და სცენებზე. „ეს მოსკოვის გამარჯვებაა, ისევე, როგორც იმედი, რომ დასრულდება რუსული მაღალი ხელოვნებისა და კულტურის გლობალური იზოლაცია“, - წერს გამოცემა.
პარალელურად, უკრაინა და ევროკავშირი მოუწოდებენ კონტინენტის პრესტიჟულ ოპერისა და ბალეტის თეატრებს, დაიცვან პოზიცია მოსკოვის წინააღმდეგ.
უკრაინის კულტურის მინისტრმა, ნიკოლა ტოჩიცკიმ, განაცხადა, რომ ევროპის ხელოვნების სცენა „ორჯერ უნდა დაფიქრდეს“, სანამ რუს შემსრულებლებს, კვლავ, მიიღებს და დასძინა, რომ რუსული კულტურის რეინტეგრაცია „ძალიან სარისკოა“.
ევროპის კულტურის კომისარი გლენ მიკალეფი დაეთანხმა ტოჩიცკის და აღნიშნა, რომ „ევროპულმა სცენებმა არ უნდა დაუთმონ ადგილი მათ, ვინც მხარს უჭერს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას“.
ამასთან ერთად, შეგახსენებთ, რომ რუსეთის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა დირიჟორმა ვალერი გერგიევმა 2012 წელს მონაწილეობა მიიღო ვლადიმერ პუტინის სატელევიზიო საარჩევნო კამპანიაში, სადაც შეაქო რუსეთის პრეზიდენტი. ათი წლის შემდეგ, 2022 წელს ის გაათავისუფლეს სხვადასხვა ორკესტრებიდან და თეატრებიდან, მიუნხენიდან როტერდამამდე.
მიუხედავად იმისა, რომ გერგიევს ჰქონდა კონცერტები ჩინეთსა და ირანში, ის უკრაინის მიერ სანქცირებულია და ევროპაში აღარ ჩასულა.
როგორც ჩანს, ეს ვითარება სულ მალე შეიცვლება. გერგიევი ბარსელონაშია მიწვეული და რამდენიმე საღამოს ჩატარებას გეგმავს, „იბერკამერას“ კონცერტების სერიის ფარგლებში, რომლის ფინანსურ მხარდამჭერად ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „მომავალი თაობის“ ფონდი სახელდება.
ღონისძიების ორგანიზატორი ხოსე მარია პრატი ესპანურ გამოცემა El País-ს ესაუბრა და განაცხადა, რომ გერგიევის მონაწილეობისთვის „არანაირი სამართლებრივი დაბრკოლება“ არ არსებობს და იმედოვნებს, რომ „მუსიკა გახდება ხიდი გაერთიანებისკენ და არა - ომისკენ“.