Politico: ევროკავშირმა ნავთობის ფასის ზედა ზღვრის შემცირება ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო გადადო

ევროკავშირი არ გააგრძელებს რუსული ნავთობის ექსპორტზე ახალი, მკაცრი ფასების ლიმიტის დაწესების გეგმას, იმ შეშფოთების გათვალისწინებით, რომ ახლო აღმოსავლეთში ახალმა კონფლიქტმა შეიძლება ნავთობის ფასების ზრდა გამოიწვიოს. ამის შესახებ Politico-ს ორმა ინფორმირებულმა დიპლომატმა აცნობა.
წინადადება, რომლის მიხედვითაც, მოსკოვის ნავთობის მაქსიმალური ფასი ბარელზე 60 დოლარიდან 45 დოლარამდე შემცირდებოდა, 16 ივნისს ბრიუსელში ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს უნდა განეხილათ.
თუმცა, ორმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის ესკალაციამ გეგმა არარეალური გახადა.
„ფასების ზედა ზღვრის შემცირების იდეა, სავარაუდოდ, არ იმუშავებს ახლო აღმოსავლეთში არსებული საერთაშორისო ვითარებისა და ბაზრის არასტაბილურობის გამო. ამ კვირაში გამართულ „დიდი შვიდეულის“ (G7-ის) სამიტზე ყველა ქვეყანა დაეთანხმა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების დრო არ იყო. ფასები ლიმიტის ნიშნულთან ახლოს იყო, მაგრამ ახლა ისინი სწრაფად მერყეობენ - სიტუაცია ძალიან არასტაბილურია“, - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ.
როგორც Politico იხსენებს, კანადაში გამართულ G7-ის სამიტზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღიარა, რომ არსებულ ზომებს „მცირე ეფექტი ჰქონდა, თუმცა ბოლო დღეებში ნავთობის ფასის ზრდა შეინიშნება და დაწესებული ლიმიტი თავის ფუნქციას ასრულებს. ასე რომ, ამ ეტაპზე ნავთობის ფასის ლიმიტის შემცირებაზე ზეწოლა მცირეა“.
აღსანიშნავია, რომ ნავთობის ფასები ბოლო დღეებში მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტი დაიწყო.