Loading data...
Politico: ექსპერტების თქმით, უკრაინის ნატოში გაწევრიანება ალიანსს საფრთხეს შეუქმნის

ათობით საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა ნატოს წევრებს მოუწოდა, თავი აარიდონ ვაშინგტონში დაგეგმილ სამიტზე უკრაინის გაწევრიანების შესახებ წინსვლას და გააფრთხილეს, რომ ეს საფრთხეს შეუქმნის შეერთებულ შტატებსა და მოკავშირეებს და დაანგრევს კოალიციას. ამის შესახებ Politico ექსპერტების წერილზე დაყრდნობით წერს. 

ექსპერტთა ჯგუფის აზრით, თუ უკრაინას ნატოში მიიღებენ, რუსეთი მომავალში მას თავს დაესხმება, რაც გამოიწვევს მე-5 მუხლის ამოქმედებას, რომელიც მოკავშირეებს მოუწოდებს, თავდასხმის ქვეშ მყოფი წევრი დაიცვან.  

„მე-5 მუხლი ეხება მათაც, ვინც უკრაინის წევრობას ეწინააღმდეგება, მაგრამ 60-ზე მეტი ანალიტიკოსის ეს საჯარო პოზიცია გვაძლევს არგუმენტებს, რომლებიც სამშაბათს (9 ივლისს) დაწყებულ სამდღიან სამიტზე, სავარაუდოდ, გაჟღერდება“, - წერს გამოცემა. 

„რაც უფრო უახლოვდება ნატო დაპირებას, რომ უკრაინა ალიანსს ომის დასრულების შემდეგ შეუერთდება, მით უფრო დიდი იქნება რუსეთისთვის ომის გაგრძელების სტიმული. რუსეთის მიერ შექმნილი გამოწვევები შეიძლება, უკრაინის ნატოში გაწევრიანების გარეშე გადაწყდეს“, - წერენ ექსპერტები. 

წერილში ნათქვამია, რომ ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინის სწრაფვას შეიძლება, უკუშედეგი მოჰყვეს, კერძოდ, „უკრაინას მსოფლიოს ორ წამყვან ბირთვულ ძალას შორის გახანგრძლივებული დაპირისპირების ადგილად გადააქცევს“ და ითამაშებს რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის ნარატივს, რომ ეს არის მოსკოვი დასავლეთის წინააღმდეგ.

Politico-ს ცნობით, წერილის ორგანიზატორები არიან ამერიკის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის პრეზიდენტი უილიამ რუჯერი და კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის უფროსი თანამშრომელი სტივენ ვერტჰაიმი.

სხვა ანალიტიკოსები მათ არ ეთანხმებიან. გასულ კვირას RAND Corp-ის მკვლევრები წერდნენ, რომ მოკავშირეები სარგებელს მიიღებენ, თუ სამიტზე უკრაინას მისი მომავალი წევრობისთვის მკაფიო პირობებს შესთავაზებენ. ატლანტიკური საბჭო ასევე უჭერს მხარს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას და აღნიშნავს, რომ ეს კიევს დასავლეთის მხარდაჭერის ურყევობას დაუმტკიცებს.

ბაიდენის ადმინისტრაციამ კიევის დაუყოვნებელი წევრობის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა, მაგრამ რამდენიმე მაღალჩინოსანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ უკრაინას სამიტის დროს ალიანსში „ხიდის“ შექმნას შესთავაზებენ.

ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ნატო უკრაინას ასევე შესთავაზებს ახალ შტაბ-ბინას მისი სამხედრო დახმარების სამართავად - კეთილსინდისიერი ჟესტი იმისა, რომ დასავლეთი გრძელვადიან პერსპექტივაში მხარს დაუჭერს ქვეყანას, მაშინაც კი, თუ მას ახლა ალიანსში გაწევრიანების შესაძლებლობა არ მიეცემა.

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ ანალიტიკოსები და კოლეჯის პროფესორები ნატოს პოლიტიკის გადაწყვეტილებებს არ იღებენ, მაგრამ მათ ხშირად წვლილი შეაქვთ საგარეო პოლიტიკურ დებატებში, წერენ აზრს და მართავენ დისკუსიებს - განსაკუთრებით ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენების წინ, როგორიცაა ნატოს მოახლოებული სამიტი.