Politico: დიდი ბრიტანეთი პუტინთან მოლაპარაკებების განახლების იდეას ეწინააღმდეგება
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა მხარი არ დაუჭირა საფრანგეთისა და იტალიის ლიდერების იდეას, განაახლონ პირდაპირი მოლაპარაკებები კრემლის მმართველ ვლადიმერ პუტინთან. „ევროპული პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ ბრიტანელმა მინისტრმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება მტკიცებულება იმისა, რომ პუტინს ნამდვილად სურს მშვიდობა და ჯერჯერობით ამას ვერ ვხედავ“, - აღნიშნა მან.
დიდი ბრიტანეთის პირველი დიპლომატის განცხადებით, ახლა უკრაინას და მის უახლოეს პარტნიორებს დიპლომატიაში უპირატესობა აქვთ.
„ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ ერთგულებას იმ სამუშაოს მიმართ, რომელსაც უკრაინა აშშ-სა და ევროპის მხარდაჭერით ახორციელებს მშვიდობის გეგმების შემუშავების მიზნით, მათ შორის უსაფრთხოების გარანტიების. თუმცა, ჯერჯერობით ვერ ვხედავ ვერანაირ მტკიცებულებას იმისა, რომ პუტინი მზადაა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს ან დისკუსიებში ჩაერთოს“, - ხაზგასმით აღნიშნა კუპერმა.
მისი თქმით, ასეთი მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში, მოსკოვზე ზეწოლა სანქციებითა და სამხედრო მხარდაჭერით უნდა გაიზარდოს და არა შემცირდეს.
„ჩვენ ჯერ კიდევ მზად უნდა ვიყოთ, ეკონომიკური ზეწოლის და ასევე, უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გზით რუსეთზე სამხედრო ზეწოლის გასაძლიერებლად“, - დასძინა კუპერმა.