Loading data...
Politico: აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები უწყებისთვის სახელის ცვლილებით უკმაყოფილო არიან

პენტაგონის თანამშრომლები აღშფოთებულნი არიან აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრძანებულებით, რომლის მიხედვითაც თავდაცვის სამინისტროს „ომის დეპარტამენტი“ ეწოდა, - ამის შესახებ Politico წერს.

როგორც გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, უწყების მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები იმედგაცრუებული, გაბრაზებული და დაბნეული არიან. ისინი მიიჩნევენ, რომ ახალი ცვლილებები ნაკლებად შეუწყობს ხელს აშშ-ის სამხედროების წინაშე არსებული მწვავე პრობლემების მოგვარებას.

მედია წერს, რომ დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი ბრძანების დეტალები ჯერჯერობით გაურკვეველია, მაგრამ შესაძლოა, საჭირო გახდეს 40 ქვეყანასა და 50 შტატში 700 000-ზე მეტ ობიექტზე თავდაცვის სამინისტროს სახელწოდების შეცვლა.

თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამდებობის პირმა განაცხადა, რომ ამ ცვლილების განხორციელებას მილიონობით დოლარი დასჭირდება.

მისი თქმით, ინოვაციები არმიის რეალური პრობლემების მოგვარებას არ შეუწყობს ხელს.

„ეს მხოლოდ შიდა პოლიტიკური აუდიტორიისთვისაა, რაც არა მხოლოდ მილიონობით დოლარი ღირს, არამედ არავითარ გავლენას არ მოახდენს ჩინეთის ან რუსეთის გათვლებზე. უარესია ის, რომ ჩვენი მტრები ამას გამოიყენებენ იმისათვის, რომ შეერთებული შტატები ომის მომხრედ და საერთაშორისო სტაბილურობისთვის საფრთხედ წარმოაჩინონ“, - განაცხადა ანონიმურმა წყარომ.