Loading data...
პიტ ჰეგსეტმა ავიამზიდ „ჯერალდ ფორდის“ ევროპიდან კარიბის ზღვაში გადაყვანის განკარგულება გასცა - CNN

აშშ-ის ომის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა ავიამზიდ „ჯერალდ ფორდის“ ევროპიდან კარიბის ზღვაში გადაყვანის განკარგულება გასცა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

როგორც ტელეკომპანია იუწყება, პენტაგონის ხელმძღვანელმა გასცა განკარგულება, ავიამზიდ „ჯერალდ ფორდის“ დამრტყმელი ჯგუფი და მასთან დაკავშირებული საავიაციო ფრთა „კარიბის ზღვის რეგიონში ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ორგანიზაციების ლიკვიდაციისა და ნარკოტერორიზმთან საბრძოლველად გადავიდეს“.

CNN-ის ინფორმაციით, ავიამზიდ „ჯერალდ ფორდის“ დამრტყმელ ჯგუფში შემავალი ხომალდები 21 ოქტომბერს ხორვატიის ქალაქ სპლიტის ნავსადგურში იმყოფებოდნენ. კარიბის ზღვაში მათ გადაყვანას რამდენიმე დღე დასჭირდება.

ავიამზიდ „ჯერალდ ფორდს“ საზღვაო ძალები მსოფლიოს ყველაზე დიდ საბრძოლო ხომალდად მიიჩნევენ. მანამდე აშშ-ის ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ აშშ-მა განახორციელა დარტყმა ნავზე, რომელიც, მისი თქმით, ნარკოკარტელს ეკუთვნოდა. შედეგად, პენტაგონის ინფორმაციით, ექვსი ადამიანი დაიღუპა.

აშშ-ის სამხედროებმა კარიბის ზღვაში ნარკოტიკების გადაზიდვაში ჩართული გემების წინააღმდეგ დარტყმების განხორციელება სექტემბრიდან წამოიწყეს. ამ პერიოდში აშშ-ის სამიზნე ათი ხომალდი გახდა. დარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 43-მდეა.