პიტ ჰეგსეთი: აშშ რუმინეთიდან ჯარის გაყვანას არ გეგმავს
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი რუმინეთში დისლოცირებული სამხედრო დანაყოფების გაყვანას არ გეგმავს.
როგორც ჰეგსეთმა აღნიშნა, რუმინეთში შეიარაღებული ძალების ჩვეულებრივი როტაცია მიმდინარეობს.
„ეს ყველაფერი ხდება იმ ხედვის ფარგლებში, რომელიც გვაქვს ევროპასთან დაკავშირებით. რუმინეთში შეიარაღებული ძალები დარჩება, მაგრამ როტაციის ფარგლებში რაღაც ცვლილებები იქნება“, - აღნიშნა ჰეგსეთმა და ხაზი გაუსვა, რომ ჯარის როტაცია ნატოს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან და აშშ-ის ევროპულ სარდლობასთან კოორდინაციით ხდება.
რუმინეთიდან ამერიკული ჯარების სავარაუდო გაყვანის საკითხს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც შეეხო.
„ჩვენ ცვლილებებს ვახორციელებთ. გადავაადგილებთ იმავე რაოდენობის ადამიანებს. რუმინელები მომწონს. ვფიქრობ, რომ შესანიშნავი ხალხია“, - დასძინა ტრამპმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ რუმინეთში სამხედრო კონტინგენტს ამცირებს და დაახლოებით, 800 ჯარისკაცის გამოყვანას გეგმავს.