Loading data...
პიტ ჰეგსეთი: აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა დაამტკიცეს, რომ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი საბრძოლო ძალა გვყავს

„ამ უქმეებზე ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რატომ გვყავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი საბრძოლო ძალა, ირანის ტერიტორიაზე ჩატარებულ ორ განსაკუთრებულ სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში, ჩვენმა მებრძოლებმა შეასრულეს მისიები, რომლებიც გამოირჩეოდა საოცარი ოსტატობით, გამბედაობითა და სიზუსტით“, - ამის შესახებ აშშ-ის ომის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც აშშ-ის მებრძოლებს მოქმედების სრული თავისუფლება ეძლევათ, როგორც ეს დონალდ ტრამპმა დაუშვა, ისინი შეუჩერებლები არიან.

„როდესაც ამერიკელი მფრინავები მტრის ზურგში აღმოჩნდნენ, ჩვენი ძალები და ჩვენი პრეზიდენტი არ შეყოვნდნენ. სპეციალური დანიშნულების დანაყოფები, ელიტური საჰაერო ეკიპაჟებისა და სადაზვერვო პროფესიონალების მხარდაჭერით, სწრაფად და გადამწყვეტად შევიდნენ რთულ მთიან რელიეფში, მუდმივი საფრთხის პირობებში, რომ ირანის ძალები მათ მიუახლოვდებოდნენ. საბოლოოდ, ეს საფრთხე ირანის მხრიდან უძლური აღმოჩნდა. დღეს კი, ირანის სამხედროები, და ეს ჩვენ ვიცით, შერცხვენილები და დამცირებულები არიან, და ასეც უნდა იყვნენ. ეს არ იყო ჩვეულებრივი ოპერაციები, ეს იყო მაღალი რისკისა და დიდი მნიშვნელობის მისიები, ჩატარებული მტრის ტერიტორიაზე, სიღრმეში. ეს არ იყო უბრალოდ ირანში შესვლა, ეს იყო ღრმად ირანში შეღწევა, კოორდინირებული დარტყმებით საფრთხეების გასანეიტრალებლად, მოტყუების ტაქტიკით ჩვენი ჯგუფების დასაცავად და სრული სინქრონიზაციით საჰაერო, სახმელეთო და სპეციალურ ოპერაციებს შორის. ირანელები დღემდე ეკითხებიან საკუთარ თავს, როგორ შეძლეს ეს ამერიკელებმა? ერთმა პილოტმა ერთ დღეზე დიდხანს აირიდა თავიდან ტყვედ ჩავარდნა, გადაადგილდებოდა რთულ მთიან რელიეფში, მაშინ როცა მტერი მის კვალს მისდევდა. როდესაც საბოლოოდ შეძლო საგანგებო გადამცემი მოწყობილობის ჩართვა, მისი პირველი შეტყობინება მარტივი და ძლიერი იყო - „ღმერთი კეთილია“. იზოლაციისა და საფრთხის იმ მომენტში მისი რწმენა და ბრძოლის სული ნათლად გამოჩნდა“, - განაცხადა აშშ-ის ომის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა.