Loading data...
პირველად 13 წლის განმავლობაში თურქეთის ხელისუფლება არაბული სახელმწიფოების ლიგის მინისტრების შეხვედრას დაესწრება - Reuters

„13 წლის განმავლობაში პირველის თურქეთის ხელისუფლება კაიროში არაბთა ლიგის მინისტრთა შეხვედრას დაესწრება, რათა ღაზას სექტორში მიმდინარე კონფლიქტი განიხილოს და რეგიონში კავშირები გააძლიეროს,“- აღნიშნულის შესახებ Reuters-ი იტყობინება. 

მედიასაშუალება ანონიმურად წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი ლიგის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს ისრაელსა და პალესტინის დაჯგუფება „ჰამასს“ შორის კონფლიქტის ესკალაციის ფონზე შეხვდება.

„თურქეთს, რომელმაც დაგმო ისრაელის ქმედებები და მხარი დაუჭირა ისრაელის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში, მაინც შეძლო გაეუმჯობესებინა ურთიერთობები ეგვიპტესთან, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან და საუდის არაბეთთან“, - წერს მედიასაშუალება. 

ღაზაში ომის დაწყების შემდეგ, თურქეთი შეუერთდა არაბული სახელმწიფოების ლიგისა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის ერთობლივ საკონტაქტო ჯგუფს კონფლიქტის დასრულების მიზნით. 

„ფიდანის მოწვევა ამ შეხვედრაზე მეტყველებს თურქეთის რეგიონული როლისადმი მზარდ ინტერესზე და არაბულ სამყაროსთან თანამშრომლობის გაძლიერების სურვილზე,“ - წერს მედიასაშუალება. 

არაბული სახელმწიფოების ლიგა

არაბული სახელმწიფოების ლიგა 1945 წელს ეგვიპტის, სირიის, იორდანიის, იემენის, საუდის არაბეთის, ლიბანის და ერაყის ინიციატივით დაფუძნდა.

ლიგაში შედის 22 ქვეყანა.

ორგანიზაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს კონფლიქტების გადაწყვეტაში, განსაკუთრებით პალესტინა-ისრაელის საკითხში და სხვა რეგიონულ კრიზისებში.

თურქეთი არ არის ლიგის წევრი, მაგრამ ინარჩუნებს ურთიერთობას ბევრ წევრ სახელმწიფოსთან და აქტიურად თანამშრომლობს მათთან სხვადასხვა დონეზე, განსაკუთრებით ეკონომიკურ, პოლიტიკურ და უსაფრთხოების სფეროებში.

ორგანიზაციის წესდებაში ნათქვამია, რომ საქმიანობის მიზანი რეგიონული თანამშრომლობის გაფართოება და არაბული სახელმწიფოების დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვაა.