Loading data...
ფრიდრიხ მერცმა განმარტა, თუ რატომ არ სურს პუტინთან საუბარი

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ამჟამად კრემლის ხელმძღვანელ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრებს არ გეგმავს და აღნიშნა, რომ წარსულში მსგავსმა კონტაქტებმა უკრაინაში სიტუაციის დეესკალაცია ვერ გამოიწვია. გერმანიის მთავრობის მეთაურის განცხადებას DW ციტირებს.

ამ კონტექსტში მერცმა გაიხსენა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის, 2024 წლის ივლისში პუტინთან ვიზიტი და გერმანიის ყოფილი კანცლერის ოლაფ შოლცის, რუსეთის მმართველთან სატელეფონო საუბარი.

„უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ბოლო ვიზიტს მოსკოვში რუსეთი კიევისა და საავადმყოფოების მძიმე დაბომბვით შეხვდა. ჩემს წინამორბედთან ბოლო სატელეფონო საუბარს ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვა მოჰყვა. ასე რომ, თუ ეს ასეთი სატელეფონო ზარების შედეგია, მე დიდი ხნით თავს შევიკავებ მათგან“, - აღნიშნა მან.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პუტინისგან დისტანცირებას ახდენს, მერცმა უპასუხა: „აშშ-ის პრეზიდენტი სულ უფრო სკეპტიკური და კრიტიკული ხდება. ეს პროცესია. ევროპაში ამ ომის შეფასებასთან დაკავშირებით დიდი თანხვედრაა. მე მჯერა, პრეზიდენტი ტრამპი ამ შეფასებას უახლოვდება“.