Loading data...
ფრიდრიხ მერცის თქმით, „დიდი შვიდეულის“ ლიდერებსა და დონალდ ტრამპს შორის კონსულტაციების შემდეგ რუსეთსა და უკრაინას შორის „მშვიდობის პირველი შანსი“ გაჩნდა

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის კონსულტაციების შემდეგ რუსეთსა და უკრაინას შორის ომში „მშვიდობის პირველი შანსი“ გაჩნდა.

მერცის თქმით, მხარეებმა ომის დასრულების შემდგომი ნაბიჯები განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების პარალელურად.

გერმანიის კანცლერმა კონკრეტულად აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზიცია, რომელმაც, მისი თქმით, ომის დასრულებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა.

„ნდობის საფუძველს ყველას პრეზიდენტ ტრამპის სიტყვები გვაძლევს: რუსეთმა ეს ომი უნდა დაასრულოს და ვფიქრობ, ეს მკაფიო სიგნალია“, - განაცხადა მერცმა.

გერმანიის კანცლერმა ასევე გამოთქვა რწმენა, რომ ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებით თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო მჭიდრო გახდება.

მერცის თქმით, მოლაპარაკებების დროს ასევე წამოიჭრა რუსეთზე სანქციებით ზეწოლის შესაძლო გაზრდის საკითხი და დამატებითი ნაბიჯები, რომლებიც მიზნად ისახავს მოსკოვის იძულებას, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან.

ამასთან, მერცმა გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთი სამხედრო გამარჯვებას ვერ მიაღწევს, ხოლო ეკონომიკურმა ზეწოლამ და სანქციებმა შესაძლოა, ომის მშვიდობიანი მოგვარებისთვის წინაპირობები შექმნას.