Loading data...
ფრიდრიხ მერცი ევროკავშირის ბიუჯეტის პროექტის „ასობით მილიარდი ევროთი“ შემცირებას მოითხოვს - Politico

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ევროკომისიის მიერ წარდგენილი, თითქმის 2 ტრილიონი ევროს მოცულობის ევროკავშირის ბიუჯეტის პროექტი რამდენიმე ასეული მილიარდი ევროთი უნდა შემცირდეს. მერცის განცხადებას Politico ციტირებს.

ირლანდიის პრემიერ-მინისტრ მაიკლ მარტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მერცმა ევროკომისიის მიერ მომზადებული ბიუჯეტის პროექტს „მიუღებელი და დაუბალანსებელი“ უწოდა. 

„სწორედ ამიტომ გვჭირდება ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ყველა მიმართულებით შემცირებას ითვალისწინებს, საერთო ჯამში, რამდენიმე ასეული მილიარდი ევროთი. ეს შემცირებები აუცილებელია“, – განაცხადა მერცმა. 

მედიასაშუალების კითხვაზე გულისხმობდა თუ არა მისი განცხადება იმ 400 მილიარდი ევროს შემცირებას, რომელიც გასული თვის ბოლოს გერმანიის დოკუმენტში იყო ნახსენები, მერცმა დეტალებზე საუბარი არ ისურვა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს.

„მიუღებელია, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებში 2 500 ახალი პოზიცია შეიქმნას. ამას არ დავეთანხმებით“, – აღნიშნა მერცმა.