ფრიდრიხ მერცი: ალბათ მე და მარკ რუტე ვართ, ვისაც დონალდ ტრამპთან შედარებით პოზიტიურად შეგვიძლია საუბარი, სხვებს შესაძლოა, მეტი პრობლემა აქვთ მასთან, ვცდილობ, კარგი პირადი ურთიერთობა შევინარჩუნო
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან ურთიერთობა „რთულია“, თუმცა, მისივე თქმით, ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს გარდა, სწორედ ის არის ერთ-ერთი იმ ლიდერთაგანი, ვინც შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შედარებით კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს.
„ამჟამად ალბათ მხოლოდ მე და მარკ რუტე ვართ, ვისაც მასთან შედარებით ნდობით და პოზიტიურად შეგვიძლია საუბარი. სხვებს, რატომღაც, შესაძლოა, უფრო მეტი პრობლემა აქვთ მასთან. ვცდილობ, კარგი პირადი ურთიერთობა შევინარჩუნო. ვიცი, რომ განსხვავებული პასუხისმგებლობები გვაქვს. ის ამერიკაზეა ორიენტირებული, მე კი – გერმანიასა და ევროპაზე“, - აღნიშნა ფრიდრიხ მერცმა.
როგორც გერმანიის კანცლერმა განმარტა, ტრამპთან ურთიერთობა პირისპირ, პრესის გარეშე უმჯობესდება, თუმცა, მისივე სიტყვებით, „მაინც არ არის კარგი“.
„მე მისთვის არ მიმიცია ხმა, მაგრამ ის აშშ-ის პრეზიდენტია და გერმანიის კანცლერი ვალდებულია, ყველა ამერიკელ პრეზიდენტთან გონივრული ურთიერთობა შეინარჩუნოს. მეც სწორედ ამას ვაკეთებ“, - განაცხადა მერცმა.