ფონ დერ ლაიენმა უკრაინის ენერგეტიკული მდგრადობის მხარდაჭერის გეგმა წარადგინა და მარტში „ენერგეტიკული რამშტაინის“ მოწვევა დააანონსა
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უახლოეს მომავალში უკრაინის ენერგეტიკული მდგრადობის მხარდაჭერის გეგმა წარადგინა და პარტნიორების ძალისხმევის კოორდინაციის მიზნით მარტში „ენერგეტიკული რამშტაინი“ დააანონსა. ამის შესახებ ფონ დერ ლაიენმა კიევში ევროკავშირის ლიდერებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს უკრაინის გადაუდებელი ენერგეტიკული საჭიროებებისთვის 100 მილიონი ევროს ოდენობის ახალი პაკეტი აქვს და ამ თანხის ინვესტირება ახლა შესაძლებელია.
მისივე თქმით, ამავდროულად, იწყება მზადება უკრაინის 2026-2027 წლების ზამთრის ენერგეტიკული მხარდაჭერის გეგმისთვის.
„მისი სახელწოდებაა „შეკეთება, აღდგენა, გადატვირთვა“. ის მოიცავს 920 მილიონი ევროს პაკეტს უკრაინის ელექტროქსელის სტაბილიზაციისთვის... ეს უზრუნველყოფს ელექტროენერგიის სტაბილურ ნაკადს ქვეყანაში და დააჩქარებს განახლებადი წყაროებიდან წარმოების დეცენტრალიზაციას... რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ვსაუბრობთ ქსელების შეკეთებაზე, აღდგენასა და მოდერნიზაციაზე, ასევე, დაზიანებული ელექტროსადგურების შეკეთებასა და ხელახლა ამუშავებაზე“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინის ენერგეტიკული მხარდაჭერა მოითხოვს ფართო კოორდინაციას ყველა პარტნიორს შორის, რომლებიც ამ ძალისხმევის ჰარმონიზაციას ხელს უწყობენ.
„ამიტომ, ევროკომისარი იორგენსენი და ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი შმიგალი მარტში „ენერგეტიკულ რამშტაინს“ მოიწვევენ, რათა უზრუნველყონ ასეთი კოორდინაცია და შეუფერხებელი, შეთანხმებული მუშაობა... ეს უზრუნველყოფს, რომ უკრაინამ მიიღოს ზუსტად ის, რაც ამჟამად სჭირდება“, - დასძინა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.